logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების განხილვაზე დანიშნული პალატა საქმეს ჩამოშორდა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 21:33


 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე საქმეს განმხილველი პალატა ჩამოშორდა.


2016 წლის 27 ოქტომბრის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 31-ე და 34-ე მუხლების საფუძველზე, კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობის აცილება მოითხოვა. როგორც ცნობილია, საქმეს პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავდა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე), ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი.


არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლო პალატას მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა უნდა აეღო როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების განხილვის განხილვის მაღალი სტანდარტისთვის. მისი თქმით, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე უშუალოდ მონაწილეობას იღებდა როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევაში, მხარეს არ გააჩნია მინიმალური სტანდარტიც კი, წარმოდგენილი კოლეგიის მიმართ ნდობა ჩამოყალიბებულიყო. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეებს საქართველოს პროკურატურის 2004 წლის 30 აგვისტოს მინდობილობის ასლი გადასცა, სადაც ვალერი ცერცვაძე როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წარმოებულ სასამართლო პროცესებში ბრალდების განმახორციელებელი პირია. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენად განსჯად პალატაშია წარმოდგენილი როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი, რადგანაც დასადგენია, თუ რომელი განსჯადი კოლეგიის განსახილველია საქმე - სამოქალაქო თუ ადმინისტარციული სამართალწამოების წესით. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც მხარეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ გააჩნია, კიდევ ეუფრო მეტად მწვავედ დგება საკითხი საქმის განმხილველი კონკრეტული მოსამართლეების პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.


არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა პალატის შემადგენლობის უმრავლესობის, კერძოდ, ორი მოსამართლის: ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის საქმიდან ჩამოცილების და პალატის აცილების თაობაზე. სასამართლოს წინაშე წარდგენი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ დასახელებულ მოსამართლეები ვერ განახორციელებდნენ მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წარუდგინა ნინო ქადაგიძის მიერ საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმიანობის დროს, 2005 წლის 24 ნოემბერს მიღებული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის მოთხოვნა ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან, სასამართლოს წარედგინა ნინო ქადაგიძის 2016 წლის 23 მარტის განჩინება გიორგი პაპუაშვილის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. სასამართლოს წარედგინა მანანა ჩოხელის მიერ 2014 წლის 19 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც სადავო ქონება სახელმწიფომ გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად გადასცა. არჩილ კაიკაციშვილმა წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვრცელი სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგინა და განაცხადა, რომ ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი პირადად, პირდაპირ და არაპირდაპირ საქმის შედეგით დაინტერესებული პირები იყვნენ და არსებობდა უზუსტესი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევდნენ აღნიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობაში.


თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პალატის აცილების შუამდგომლობის განხილვა მოსამართლებსა და როლანდ ბლადაძის წარმომადგენელს შორის ხმამაღალ დიალოგში მიმდინარეობდა. სხდომაზე არ გამოცხადდა გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველი, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა პალატის აცილების საკითხზე აღნიშნა, რომ პრობლემა არ ჰქონდა, თუ რომელი შემადგენლობა განიხილავდა საქმეს, ხოლო შუამდგომლობის შესახებ მხოლოდ სასამართლოს გაადწყვეტილება იქნებოდა მისაღები.


სასამართლო პალატის აცილების საკითხი განხილულ იქნა სათათბირო ოთახში. საზოგადოებას მიღებული განჩინება საქმის განმხილველმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა გააცნო. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი საქმის განხილვას ჩამოშორდნენ. სასამართლომ საფუძვლიანად სცნო წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეს დაუდასტურა მოლოდინი, რომ საქმის განხილვაში დამოუკიდებელი მოსამართლეები უნდა იღებდნენ მონაწილეობას.


მოცმეულ შემთხვევაში, კანონით, საქმე გადაეცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საქმე განსახილველად გადასცეს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner