logo_geo
eng_logo
გიორგი მოსიძე: მეორე ტურისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები და აქტიურები ვართ
- +

27 ოქტომბერი. 2016. 23:41


 

„დარწმუნებული ვარ, იმ 12 კანდიდატის ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ, არჩევანს ჩემს სასარგებლოდ გააკეთებენ",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მოსიძემ 2030-ის ეთერში განაცხადა. მოსიძემ ასევე ვარკეთილში არსებულ პრობლემებთან და მათი გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


„პირველ ტურში გამარჯვებისთვის თითზე ჩამოსათვლელი ხმები დამაკლდა, რაც სერიოზული მიღწევაა და ამისთვის ამომრჩეველს დიდ მადლობას ვუხდი.

 

როგორც გაირკვა, „ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემი ოპონენტი მეორე ტურისთვის მობილიზაციას დიდი ხანია აცხადებს და მინდა, მაქსიმალური მობილიზაცია დღეს მეც ოფიციალურად გამოვაცხადო. ჩვენ არანაკლებ მობილიზებულები და აქტიურები ვართ. არჩევნების მეორე ტურში ჩართულია როგორც პარტიული აქტივი, ასევე მხარდამჭერები და დარწმუნებული ვარ, იმ 12 კანდიდატის ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ, არჩევანს ჩემს სასარგებლოდ გააკეთებენ.

 

ვარკეთილში არსებულ პრობლემებს სამ ნაწილად დავყოფდი. პირველი მთელი ქვეყნისთვის საერთოა, ანუ - დასაქმება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა და განათლება, რაზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს და, რასთან დაკავშირებითაც, ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.  მეორე მიმართულება ადგილობრივი პრობლემებია, ანუ კომუნალური, ინფრასტრუქტურული საკითხები - ავარიული კორპუსები, გადახურვა, სადარბაზოების შეკეთება, სკვერების და მოედნების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ, რაზეც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და გამგეობებმა უნდა იმუშაონ და, რასაც მონიტორინგით, ჩარევით და ზედამხედველობით, მე ხელი უნდა შევუწყო", - განაცხადა მოსიძემ.


მისი თქმით,  მესამე მიმართულება კომპაქტური ჩასახლებებია, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ.


„მათთვის ფართების დაკანონების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დევნილებისთვის ფართების დაკანონება უმრავლესად უკვე მოხდა, მაგრამ პროცესი ბოლომდეა მისაყვანი და ამაში მე აუცილებლად ჩავერევი. სოციალურად დაუცველებისთვის ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამაზე სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს", - განაცხადა გიორგი მოსიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner