თუშეთში, სოფელ ომალოში ახალი აეროდრომი აშენდება. ახმეტის მუნიციპალიტეტში აეროდრომის მშენებლობა დადებით როლს ითამაშებს რეგიონის განვითარებაში და ტურიზმის ხელშეწყობაში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში და ა.შ.
პირველ ეტაპზე, ჩატარდება აეროდრომის პროექტირებისთვის (მათ შორის, წინასაპროექტო-კვლევითი) საჭირო სამუშაოები. როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ხელსაყრელი იქნება საავტომობილო ტრანსპორტის ხელმისაწვდომი ალტერნატივის არსებობა ადგილობრივი ავიარეისების სახით, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს თბილისიდან თუ საქართველოს სხვა აეროპორტებიდან.
რეგიონალური აეროპორტებისა და ვერტოდრომების არსებობა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის შიდა სატრანსპორტო პოტენციალის დივერსიფიცირებას და ზრდა-განვითარებას, ასევე შიდა ტურიზმის წახალისებასა და საერთაშორისო ვიზიტორების მობილობის გაზრდას ქვეყნის შიგნით.