საქართველოს სასამართლოების ისტორიაში პირველად 12 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეები, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.
კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, კანდიდატების მცირე ნაწილს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა.
უვადოდ დაინიშნა რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე, მათ შორის მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა. ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.
მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.