„პალიტრამედიის" პოზიციითა და სიძლიერით ზოგი დაბოღმილია", - ამის შესახებ ipn.ge-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ნატა მუმლაძემ განაცხადა, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სააგენტომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მუმლაძის თქმით, კონკრეტული ადამიანები შეეცადნენ, გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, მიეყენებინათ სააგენტოსთვის ზიანი.
რაც შეეხება ჟურნალისტების მიერ სააგენტოს დატოვებას, მუმლაძე ამბობს, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ipn.ge მხოლოდ ერთმა შტატგარეშე თანამშრომელმა დატოვა.
„ინტერპრესნიუსი" დატოვა ერთმა შტატგარეშე კორესპონდენტმა. ჩემი აზრით, მან ეს მიუღებელი ფორმით გააკეთა. უკეთესი იქნებოდა, ჯერ გარკვეულიყო სიტუაციაში და მერე მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა, ეს მისი პირადი საქმეა. სხვა საკითხია ის, რომ ერთი შტატგარეშე კორესპონდენტის წასვლა ისე გამოიყვანეს, თითქოს სააგენტოს ჟურნალისტები ტოვებდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას აკლია გაწონასწორებულობა და ამავე დროს, „პალიტრამედიის" პოზიციითა და სიძლიერით იმდენად დაბოღმილია, რომ შეეცადნენ, გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, რომ სააგენტოსთვის ზიანი მიეყენებინათ", - განაცხადა მუმლაძემ.
11 მარტს, „ინტერპრესნიუსმა" საიტზე განათავსა ამბავი იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. შეცდომა ის იყო, რომ ნიუსის ტექსტში მითითებული იყო ვიდეოს სათაური, რაც სოციალურ მედიაში ვიდეოს მოძებნის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, სააგენტომ სწრაფად მოახდინა რეაგირება, ნიუსი ჩამოხსნა საიტიდან, ბოდიში მოიხადა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გათავისუფლდა.