„ადამიანებისთვის, რომლებზეც ფარული ჩანაწერებია გაკეთებული, ტრაგედიაა, მაგრამ ისინი გმირები არ არიან და გმირებად ნუ ვაქცევთ", - ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გადაცემაში „20/30" აკეთებს.
„პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფაა. ღირებულებებს ნუ ვკარგავთ და სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ, თითქოს, დანარჩენი საზოგადოება ჩამორჩენილია.
„ნაციონალური მოძრაობის" რიგი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კადრები ვიღაცების გაკეთებული იყო, ამ საზიზღრობების შესახებ არაფერი იცოდნენ და დღეს თუ რაღაც ხდება, ამ ხელისუფლების ბრალია. ეს სრული უტიფრობაა. დღეს, შესაძლოა, პირადი ინტერესების გამო ვიღაცა ვიღაცას უთვალთვალებს, მაგრამ არა მგონია, ქვეყანაში ძველი პრაქტიკა მეორდებოდეს, როცა სახელმწიფო ყველას გვითვალთვალებდა.
სამართლიანი იქნებოდა, დღეს მებრძოლ ადამიანებს მაშინ ეყვირათ, როცა ადამიანების დატერორება-დაშანტაჟება მართლა ხდებოდა. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული ის კი არაა, რომ რევანში არ აიღო, „ნაციონალური მოძრაობა" ფეხებით არ ჩამოკიდა და გაანადგურა, არამედ ის, რომ მათი მოქმედებები არ გააანალიზა და არ გაშიფრა. სხვა ოპონენტები პოლიტიკურ ველზე არ დაუშვა და დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტია მთავარ ოპონენტად დაიყენა. ეს დასავლეთისგან წამოსული ბრძანების გამო არ მომხდარა. ამ გზით მმართველი გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „20/30"-ში.