პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის ავტორობით მომზადდა, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ბალტიისპირელ მეზობლებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ „ცივი ომის" შემდეგ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის კუთხით პროგრესი შეინიშნებოდა, მოსკოვს ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს. ანგარიშში ნახსენებია სირია და აღნიშნულია, რომ მოსკოვი ექსტრემიზმის გამწვავებას ცდილობს.
„ნათლად რომ განვმარტოთ, აშშ არ ცდილობს ცივ და ცხელ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს, რუსეთი იყოს მტერი. თუმცა, არ შეგეშალოთ - ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მოკავშირეებს, საერთაშორისო წესრიგს და პოზიტიურ მომავალს", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, აშშ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაბალანსებულ და ძლიერ სტრატეგიულ მიდგომას იყენებს.
„რუსეთს ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ იგი ამას აირჩევს, კვლავ შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას და იმუშაოს ჩვენთან ერთად, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
პენტაგონის ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და NATO-ს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერებაზე. დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.