საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დაკითხვაზეა დაბარებული.
მთავარი პროკურორი ნონა ჯოჯუას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო.
„აღნიშნული განცხადება მასმედიის საშუალებით მოვისმინე. გამოძიება დასრულებული არ არის, გრძელდება და არის წინასწარი გამოძიების ეტაპზე. აუცილებლად მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, მის მიერ დღეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტების ირგვლივ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, უტყუარად მინდა გითხრათ, რომ ეს წერილი დაწერილია გარდაცვლილის მიერ", - განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება იძულებით დაწერას, შოთაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებების ნამდვილობის საფუძველი არ არსებობს.
„ჩატარებულია გამოძიების მიერ, არაერთი საგამოძიებო მოქმედება, არსებობს საქმეზე ბრალდებული. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, დღევანდელი განცხადება არ დასტურდება, თუმცა ჩვენ შევეხმიანეთ დაზარალებულ მხარეს. ის დაბარებულია და დაიკითხება", - განაცხადა შოთაძემ.
სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას ეჭვი აქვს, რომ საქმეზე დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შესაძლოა, დამნაშავე არ იყოს. ნონა ჯოჯუას კითხვები აქვს მიმდინარე გამოძიებასთან.
მისი თქმით, უმიზეზოდ ხდება სასამართლო პროცესების გადადება იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებები არ არის.