logo_geo
eng_logo
„მისი ვაჟკაცობა არასოდეს ეკიდა თოფის ლულაზე“ - ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დახვრეტიდან 23 წელი გავიდა
- +

28 ოქტომბერი. 2016. 17:57



23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე დახვრიტეს. მისი დახვრეტა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ, მოხდა. ბოლქვაძე იყო ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო სიკვდილით დასაჯეს.


„რეპორტიორი" დათო ბოლქვაძის უფროს დას თამარ ბოლქვაძეს ესაუბრა:


„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის ომის ტყვიას გადარჩენილს, სამოქალაქო ომის დროს მოკლავდნენ და ისიც ქართველი. არსებობს კადრები, დათო ამბობს: ახლა ყურთან ტყვიამ ჩამიწუილა და ნახე, როგორი იღბლიანი ვარ, ტყვია ამცდაო - ეს ხდებოდა აფხაზეთში. სამოქალაქო ომის დროს კი დახვრიტეს.

 

საქართველოს ისტორიაში დათო არის ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დახვრიტეს. ბევრი ჟურნალისტი აფეთქებულა, ბევრს ტყვია მოხვედრია. მოგეხსენებთათ, ცხელ წერტილებში ბევრი საფრთხე ელით ჟურნალისტებს, მაგრამ ასე რომ დაეხვრიტა თავისივე ქვეყნის წარმომადგენელს, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა...

 

რაც შეეხება მის ხასიათს და თვისებებს, ის იყო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული თბილისელი ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ადამიანი, ბუნება, ცხოველი... მისი კაცობა, მისი ვაჟკაცობა, არასოდეს ეკიდა თოფის ლულაზე... ჰქონდა შინაგანი კაცობის კოდექსი; ბევრი მისი მეგობარი ამბობს, რომ დათო იყო კაცობის ეტალონი.

 

23 წელი გავიდა მისი დაღუპვიდან და დღემდე ის ახსოვთ, როგორც ძალიან დიდი ღირსებების მქონე პიროვნება. ეს არ არის მარტო უფროსი დის და მისი ოჯახის შეფასება - ერთსაათიანი შეხვედრა ვისაც კი ჰქონია დათოსთან, ის არავის დავიწყებია. მაგალითს ვიტყვი, დავუშვათ, თბილისში ერთი თვე გაითიშა შუქი, გეგულებათ ისეთი ოპერატორი ან რეპორტიორი, რომელიც ყველა გოგოს, ვინც მის გვერდით მუშაობს, ყველას სახლში დაარიგებს და მერე მივა საკუთარ სახლში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ცხოვრობდა მისი თანამშრომელი, გლდანში, თემქაზე თუ მესამე მასივში, ყველას მიიყვანდა სახლში და გამთენიისას მოდიოდა საოცრად დაღლილი. ის იყო ყველას „სასწრაფო დახმარება", პირველი არხის, მეორე არხის, ევალებოდა თუ არ ევალებოდა, ეს იყო მისი გადაცემა თუ არ იყო... ამიტომაც იყო ის გამორჩეული...

 

სიგიჟემდე უყვარდა თავისი პროფესია, როცა ნახევრად შიშველი, ჯინსებისა და მაისურის ამარა დააყენეს მოედანზე, ერთადერთი, რასაც ხელიდან ვერ აშვებინებდნენ, ეს იყო კამერა, მერე მყესები ჩაუმტვრიეს და ისე გამოგლიჯეს კამერა... ეს იყო პროფესიონალიზმის უმაღლესი კლასი. მისი კამერა იყო მისი თვალი - როგორ აღიქვამდა დათო სამყაროს.... ტყვიების ზუზუნში დათო იღებდა კადრებს: როგორ ულოკავს ჩაძინებულ ჯარისკაცს ხელებს ძაღლი, ძროხა როგორ შებღავის პატრონის გადამწვარ სახლ-კარს, ჩიტები როგორ კენკავენ ჯარისკაცების ხელისგულიდან პურის ნამცეცებს, ასეთი რამ როგორ უნდა შეძლო ტყვიების კაკანში, ე.ი. სხვა ადამიანი ხარ, როცა ეს შეგიძლია... ასეთი იყო დათო ბოლქვაძე..." - განაცხადა თამარ ბოლქვაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner