logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ბირთვულ რიტორიკას ევროპული ქვეყნების დასაშინებლად იყენებს
- +

28 ოქტომბერი. 2016. 18:48




NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-სა და რუსეთს შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორული ურთიერთობა არსებობს.


ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს NATO- რომელიმე წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ატარებს მრავალრიცხოვან მანევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლის შესახებ წინასწარ არ გვაცნობებს. ეს არსებითად ამცირებს გამჭვირვალობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას ევროპაში. მაგალითად, რუსეთმა გამოიყენა ასეთი მანევრები ყირიმის ანექსიისთვის. ჩვენ შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორობა არსებობს, რომლის დამყარებასაც რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცდილობდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


ტელეკომპანია „BBC" აღნიშნავს, რომ NATO-ს გეგმა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განლაგების თაობაზე იქნება ძალთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია რუსეთის საზღვრებთან, ცივი ომის პერიოდის შემდეგ.


ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, რომ NATO უზრუნველყოფს შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებს. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი აღკვეთისთვის. სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას და NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის აღკვეთას", - განმარტავს სტოლტენბერგი.


NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.


რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ. ამიტომ, NATO ადაპტაციას ახდენს და ცდილობს მოახდინოს რეაგირება თავდაცვითი ზომების მიღებით. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ ამას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად უნდა ვაკეთებდეთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner