logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: საპირფარეშოები სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე განთავსდება
- +

28 ოქტომბერი. 2016. 21:18


 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის"გადაცემაში განაცხადა, რომ  საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება.


ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე. მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.



„ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია.


თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ჩოგივაძემ.

 

ჩოგოვაძის განცხადებით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია - შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

„ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება", - განაცხადა ჩოგოვაძემ.


მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.


ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner