პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე „ალიას" ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მიიღო ამ კადრების განადგურების გადაწყვეტილება, მაგრამ არავინ იყო დარწმუნებული და დაზღვეული, რომ ასლები არ არსებობდა ან გადამღებთან, ან სხვა ვინმესთან, ადამიანების იმ ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია, ხელი გაიშვიროს ხელისუფლებისკენ.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ეს დასაგმობია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გარკვეულწილად ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ ამ შემთხვევაში არამარტო ხელისუფლებას. აღნიშნულ კადრებს სწორედ იმ ხელისუფლების დროს იღებდნენ, რომელიც საყოველთაო მოსმენებით, თვალთვალითა და მსგავსი საძაგლობებით გამოირჩეოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ამ კადრების განადგურების გადაწყვეტილება, მაგრამ არავინ იყო დარწმუნებული და დაზღვეული, რომ ასლები არ არსებობდა ან გადამღებთან, ან სხვა ვინმესთან, ადამიანების იმ ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია, ხელი გაიშვიროს ხელისუფლებისკენ და აი, შედეგიც მივიღეთ. ნორმალური აზროვნების ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიჯერებს, რომ ამ კადრების გამოქვეყნება „ქართული ოცნების" ინტერესში შედიოდა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამნაშავის დასადგენად, რადგან ეს მართლაც არის დარტყმა სახელმწიფოზე. ძალოვანმა სტრუქტურებმა შესაძლებელზე მეტიც კი უნდა გააკეთონ, თუ საჭიროა, უცხოელი სპეციალისტებიც მოიწვიონ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ არის ამ კადრების გამავრცელებელი და ვინ - შემკვეთი", - ამბობს ნიშნიანიძე.