logo_geo
eng_logo
ილია წულაია: დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ორმაგად და სამმაგად მეტ ხმას მივიღებთ
- +

29 ოქტომბერი. 2016. 01:44



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში,  ამომრჩეველთან კარდაკარ დადის და არჩევნებზე მოსვლისკენ მოვუწოდებს. წულაიამ ასევე აღნიშნა, რომ  თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ეს ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის" მიცემული სრული მანდატი იქნება, რათა ამ გუნდმა პასუხისმგებლობა სრულად აიღოს და ქვეყანა მართოს.


„მოსახლეობას დადებითი განწყობა აქვს. უბრალოდ, უკვირთ, მეორე ტური რატომ დაგვჭირდა. „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ლეგიტიმაციის ზღვარი იმდენად მაღალია, რომ გასაკვირია, მეორე ტური უფრო მეტ ოლქში რომ არ დაგვჭირდა. დარწმუნებული ვარ, ორმაგად და სამმაგად მეტ ხმას მივიღებთ. ამომრჩეველს მოვუწოდებ, 30 ოქტომბერს მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან გამარჯვება ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის.

 

წინა 4 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება" კოალიციის სახით იყო წარმოდგენილი, იყო კოჰაბიტაციის პერიოდი, ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში კი, მას ექნება სრული შესაძლებლობა,  მიიღოს კანონები, დააკომპლექტოს მთავრობა, განახორციელოს ძალიან ამბიციური პროგრამა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, შეიქმნას 200 000 სამუშაო ადგილი და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა წულაიამ.


როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკაში მისი ჩართვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიზანი კერძო ბიზნესში მიღებული გამოცდილების პარლამენტში გადატანაა.


„მსურს, მოვახდინო ისეთი კანონების ინიცირება, რაც ბიზნესგარემოს უფრო მიმზიდველს გახდის და, რაც მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის. ეს კი, მეტი საწარმოს გახსნას და მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს. ამომრჩევლებს გულწრფელად ვპირდები, რომ მათ საშუალება ექნებათ, ჩემს საარჩევნო ბიუროში მოვიდნენ, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს და გაგვაცნონ თავიანთი პრობლემები თუ ინიციატივები. საქართველოს პარლამენტში მე მათი  ხმა ვიქნები", - განაცხადა ილია წულაიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner