„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფო კილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მართალია, ნაწილ ოლქებში „ქართულმა ოცნებამ" 50%-იანი ბარიერი ვერ გადავლახა, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პარტიას ნდობა არ აქვს. კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლს მოუწოდებენ, რომ ხმა „ქართულ ოცნებას" არ მისცენ, პირდაპირ ამბობენ, რომ ამომრჩევლებმა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მისცენ.
„არ არის გასაკვირი, რომ „ქართულმა ოცნებამ" გარკვეულ ოლქებში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რადგან პოლიტიკური ველი ძალიან მრავალფეროვანია. არის უამრავი პარტია, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ამის გამო ამომრჩეველთა ხმები გაიყო, რადგან ყოველ ამომრჩეველს თავისი მოსაზრება აქვს, რასაც მივესალმები. ვთვლი, რომ 50%-იანი ბარიერი დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტია და მისი დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო.
ანუ, გამოდის, რომ ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმი, ადამიანების გაუპატიურება და წამება უნდა დაბრუნდეს. ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხით ფუთავენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ხალხის გადასაწყვეტია, პარლამენტი როგორი იქნება. გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, რადგან ეს დემოკრატიის უზენაესი პრინციპია", - განაცხადა კილაძემ.
კილაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ეს ძალის ბოროტად გამოყენების საფუძველი არანაირად არ იქნება.
„თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ეს ძალის ბოროტად გამოყენების საფუძველი არანაირად არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას" უმრავლესობა უკვე ჰქონდა და საზოგადოებამ დაინახა, რომ მმართველ პარტიას ქვეყნის მართვის სადავეებთან ყოფნა ბოროტად არ გამოუყენებია. პირიქით, დემოკრატიული ინსტიტუტები განამტკიცა. ასე რომ, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის რეფორმირებისთვის და წინსვლისთვის სჭირდება და არა ძალაუფლების ბოროტად გამოსაყენებლად", - განაცხადა სოფო კილაძემ.