„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიამ ევროპული სტანდარტების დაცვით ჩაიარა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" 600 00-მდე ხმა მიიღო.
„ის აბსოლუტურად განსხვავებული, კონკურენტუნარიანი და პლურალისტული გარემო, რომელიც გვაქვს, არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას თავი გაართვა. რამდენად სუბიექტურადაც არ უნდა იყოს განწყობილი ესა თუ ის ორგანიზაცია თუ ცალკეული პირი, დასაბუთებულად, ვერაფერ საგანგაშოს ვერ წარმოადგენს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 477 000 ხმა მიიღო. 2012 წელს კი - 866 000, ანუ 400 000 ხმით ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, მათ ამომრჩეველი დაკარგეს. არ ვიცი, ოდესის გუბერნატორი განცხადებებს ვისთვის აკეთებს, რადგან მას თავისივე პარტიაში არავინ უსმენს. „ნაციონალურ მოძრაობაზე" მიხეილ სააკაშვილის გავლენა მკვეთრად შესუსტებულია და საერთოდ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი დღეა. მეორე ტურში კი, მათ შორის, ამის გაფორმებაც გვჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ძალიან ბევრი მოქალაქე გაბრაზებულია იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხმა არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 27%-მა მისცა.
„ახლა მათ ეძლევათ საშუალება, ეს გაბრაზება საერთო ეროვნულ არჩევნებში საარჩევნო ურნებთან გამოხატონ. არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას" რა გეგმა აქვს, მაგრამ ჩვენ არცერთი მანდატის დათმობას არ ვაპირებთ და გამარჯვებისთვის ვემზადებით. არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობას" რომელიმე ოლქიდან 28-ე მანდატი გავატანოთ. ვაპირებთ, აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირა. მათ უნდა შევახსენოთ, რა ტიპის დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ძალიან ამბიციური და განხორციელებადი გეგმა გვაქვს, რომელიც ჩვენს პროგრამაშია გაწერილი. 30 ოქტომბერი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ 30 ოქტომბერს ამ ამბიციური პროექტების განსახორციელებლად საზოგადოებისგან, როგორც ხელისუფლების წყაროსგან, მანდატი უნდა მივიღოთ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.