შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხრიდან შეფერხება მოხსნილია.
სარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ აღნიშნულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ არანაირი ტერირისტული თავდასხმა არ ყოფილა, ეს იყო მცდარი ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა. იგი ადასტურებს, რომ მოძრაობა ტექნიკური მიზეზის გამო იყო შეფერხებული.
„ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთის ტერიტორიაზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს, არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა და არის ტყუილი. არავითარი ტერორისტული თავდასხმა ან დაკავებები ამის გამო არ ყოფილა.
რაც შეეხება მდგომარეობას საზღვარზე, იქ მართლაც ტექნიკური პროგრამული პრობლემა იყო. ეს ხელს უშლიდა პოლიციას და საბაჟოს ხელმძღვანელობას, მგზავრების ვინაობა დაედგინა. ეს მხოლოდ საქართველოსთან არ ხდებოდა, არამედ ყველა საზღვართან მსგავსი პრობლემები გვქონდა", - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე 3 დღის განმავლობაში შეფერხებული იყო გადაადგილება, რომლის მიზეზიც ოფიციალური ვერსიით, პროგრამული ხარვეზი გახდა.