logo_geo
eng_logo
სასამართლომ ავთანდილ საყვარელიძეს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო წილოსანის მამის მიმართ ცრუ ბრალდებების უარყოფა დაავალა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 16:04




თბილისის სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ საყვარელიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და იმ უსაფუძვლო ბრალდებების უარყოფა დაავალდებულა, რომელიც მან ტელევიზიის საშუალებით ბადრი წილოსანის წინააღმდეგ გააკეთა. ავთანდილ საყვარელიძემ წილოსანი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წართმევაში დაადანაშაულა.  ამ საქმესთან დაკავშირებით ცალკე სასამართლო დავაც მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, საყვარელიძე შესაძლოა თავადვე აღმოჩნდეს ქარხნის უკანონოდ მითვისებაში და ფინანსურ მაქინაციებში მხილებული.


ბადრი წილოსანის ადვოკატის, დავით სამხარაშვილის ინფორმაციით, ავთანდილ საყვარელიძის კომპანია „თ.ჯ. თრეიდსა" და ს/ს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას" შორის ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო. 2004 წელს საყვარელიძის კომპანიას ქარხნის ვალი დაუგროვდა, დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. წილოსანის მიერ საყვარელიძისთვის დავალიანების მოთხოვნას საეჭვოდ ემთხვევა ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლება აპატიმრებს ს/ს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" აქციების ძირითადი პაკეტის მფლობელ ბადრი წილოსანს და ციხეში, ჩუქების ხელშეკრულებით, სახელმწიფოსთვის ათმობინებს აქციების საკონტროლო პაკეტს. რამდენიმე თვეში, ფორმალური პროცედურების მოგვარების შემდეგ, სახელმწიფო, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით, ქარხნის საკონტროლო პაკეტს პირდაპირი მიყიდვის წესით აძლევს ავთანდილ საყვარელიძეს. ძალიან საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ბატონი საყვარელიძე აქციების ღირებულებას მას შემდეგ იხდის, რაც ნაყიდ ქონებას ბანკში აგირავებს.


ავთანდილ საყვარელიძე დაახლოებით სამი წელი მართავდა ქარხანას და ამ პერიოდში 70 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. მოკლედ, საყვარელიძემ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ მისივე მმართველობის პერიოდში დაიწყო ქარხნის გაკოტრების საქმის წარმოება. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, საყვარელიძემ თავადვე გაკოტრების პირას მიიყვანა ქარხანა და იძულებული გახდა მის გაყიდვაზე ეფიქრა.


„მიუხედავად იმ საეჭვო გარემოებებისა, რაც წინა პერიოდში მოხდა, შედგა მოლაპარაკება ბადრი წილოსანსა და ავთანდილ საყვარელიძეს შორის და ბადრი წილოსანმა გაკოტრების პროცესში მყოფი ქარხნის აქციებში 2 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. ამასთან ერთად გაისტუმრა ქარხნის დავალიანებები, რომელიც ავთანდილ საყვარელიძემ დააგროვა. ამ ფაქტების შემდეგ ადვილი მისახვედრია, რეალურად ვინ არის დაზარალებული და ვინ გამომძალველი? ვინ იყო წინა ხელისუფლებასთან შეკრული, ბადრი წილოსანი, რომელიც დააპატიმრეს და ქონება დაათმობინეს, თუ საყვარელიძე, რომელმაც, სააკაშვილის ხელმოწერით, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელში ჩაიგდო ქარხანა? ამ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს დავით სამხარაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner