2011 წელს ამერიკის საელჩოსთან ტერაქტის მცდელობის საქმეზე დაკავებული ლაშა არქანია ამბობს, რომ მის წამებაში მონაწილე პირები დღესაც ძალოვან უწყებებში მუშაობენ, პროკურორი ფიფია კი ისევ პროკურატურაში მუშაობს, რაზეც თავად პროკურატურა აცხადებს, რომ ფიფია არქანიას საქმეში არ ფიგურირებდა. როგორც არქანიამ გადაცემა „20/30"-თან განაცხადა, დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ყოფილი მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა გაუპატიურებით დაემუქრა.
„2011 წელს ზუგდიდის და წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად მაწამეს, ისინი ტერაქტის აღიარებას და სხვა დამნაშავეების დასახელებას მოითხოვდნენ. უარი რომ ვთქვი, ნარკოტიკები ჩამიდეს, მიმაღებინეს კიდეც და იარაღიც დამიდეს. მითხრეს, თუ ამაზეც უარს ვიტყოდი, უბრალოდ გამაუპატიურებდნენ. ჩვენების გამოძალვაში პროკურორი ლევან ფიფიაც მონაწილეობდა, რომელიც დღესაც პროკურატურაში მუშაობს. ყველა, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობას იღებდა, ისევ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, მაგრამ უფრო მაღალ თანამდებობებზე - ლაშა გოგოხია, გიორგი სამუშია, რომელიც თავისი ძალადობით და ნაციონალური სულით გამოიკვეთებოდა, დავით კვარაცხელია, იყო ლაზიშვილი, რომელიც დღეს სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია", - ამბობს ლაშა არქანია.
არქანია ამბობს, რომ უკვე ახალი მთავრობის პერიოდში მის ოჯახს დაუკავშირდა პროკურატურის თანამშრომელი და მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა გამოეტანა განცხადება.
შს სამინისტროში „20/30"-ს განუცხადეს, რომ ყოფილ პოლიციელებზე ინფორმაციის მისაღებად სპეციალური მიმართვაა საჭირო.