logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:16



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით ისაუბრა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგში არ დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გადმოტანაზე, ეს საკითხი ქუთაისის მოსახლეობის ნებართვის და მათთან აქტიური საუბრის გარეშე არ მოხდება.


„პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე ალბათ რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში , არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს გააქტიურებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული , აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას ქუთაისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.


„ქუთაისზე ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შესაძლოა 5-10 წლის შემდეგ ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს არის თუ არა იქ პარლამენტი. იმიტომ რომ ძალიან აქტიური განვითარება მოხდება პარლამენტის . ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი უზარმაზარი საერთაშორისო სტუდენტური კამპუსით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა თავისი გვირაბებით. ქუთაისში სერიოზული ბუმი იქნება განვითარების, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით . მე არაერთხელ მიხუმრია ჩემს მეგობრებთან რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი, ქუთაისში ვიყიდდი აუცილებლად უძრავ ქონებას, რადგან მგონია, რომ ქუთაისის საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner