საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა აუცილებელია და ის ე.წ. გერმანული მოდელის მომხრეა.
„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აქტივიზირება მოხდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე. ეს დრო არ იყო საკმარისი სისტემის გადასაწყობად. ჩვენ დავიწყებთ დიალოგს ამაზე. ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი, უნდა ყავდეს თუ არა რეგიონებს წარმომადგენელი. იქნება თუ არა მაჟორიტარული ოლქები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, პირადად ის არ არის წინააღმდეგი სისტემის ცვლილების, ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის, რომ არჩევნების შემდეგ მის არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.
„ჩემი პოზიცია არის, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, რომელიც ყველანაირ შეკითხვას გამორიცხავს. შეიძლება ეს იყოს თავად ხმის მიცემის პროცედურები, ადმინისტრაციის მოწყობა, მოქმედების პრინციპები და ა.შ. ეს ყველაფერი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ცვლილებები არის გასატარებელი. ჩემი აზრით, არანაირი წინააღმდეგობა იმისა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა იყოს, პროპორციულთან მიახლოებული, როგორიც არის გერმანიაში, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება უკვე განხილულ პროექტს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ძალაში და რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს განხილვა სჭირდება.