საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე მომავალ კომისიაზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს პარლამენტში შევარდნას და კონსტიტუციის გამოცვლას.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მომავალი კომისია აქტიური და აქტუალური იქნება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას, კვირიკაშვილის აზრით, დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.
„არ შევალ იმ დისკუსიაში რა იყო ძველ კომისიაში. მე ვფიქრობ, რომ მომავალი კომისია იქნება ძალიან აქტუალური და ძალიან აქტიური, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია. ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. მე ვფიქრობ, ეს არის დაახლოებით განხილვების ერთწლიანი პროცესი. მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მანამდე უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ეკონომიკური განვითარება, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და მე ვფიქრობ, ამას თან უნდა გასდევდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო ფორმატში განხილვის პროცესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.