logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც საქართველო შეთანხმდება
- +

29 ოქტომბერი. 2016. 21:47



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ისეთი კონსტიტუცია უნდა მიიღოს, რომელზეც საქართველო შეთანხმდება და არა „ქართული ოცნება" ან საკონსტიტუციო უმრავლესობა.  

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შეიზღუდოს თუ არა პრეზიდენტის უფლებები, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პოზიციას ახლა არ დააფიქსირებს.


„მინდა ვთქვა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აჟიოტაჟის საგანი. ისიც არასწორი იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმა მოახდინა ამ თემის აქტივიზაცია. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც არსებობს, მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ძალიან ფართო ფენების ჩართულობა ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც საქართველო შეთანხმდება და არა "ქართული ოცნება" და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი და ჩემი მიზანი, ამიტომ რომელი ინსტიტუცია რა ადგილს დაიკავებს ამ ახალ მოწყობაში, რომელიც ნამდვილად შესაცვლელია, დღეს ამაზე დაანონსება და კონკრეტული მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის და იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, იქნება არასწორი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


კვირიკაშვილის თქმით, დღეს რაიმე მოდელის წინასწარ განხილვა-გამოცხადება მისი მხრიდან იქნება უკიდურესად არასწორი, რადგან ეს გამორიცხავს შემდგომში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას ამ საკითხში.


„ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამის გამოცხადებას დღეს არ ვაპირებ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner