საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ვალუტის კურსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების საფუძველ არ არსებობს, რადგან საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი. მისივე თქმით, ლარზე ზემოქმედების ფაქტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ამოწურულია.
„ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი ვალუტის კურსზე ზემოქმედებს არის ამოწურული და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები, რომელიც დღეს ამოწურულია. ფაქტორი იყო მაგალითად, ერთ-ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რა დროსაც საჭირო გახდა ვალუტის შეძენა, მაგრამ იყო ასევე სხვა ფაქტორები. ვინაიდან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ბევრ ქვეყანაში იყო ძალიან გაუფასურებები ვალუტის და ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაიაფება იმპორტირებული საქონლის, ჩვენ მივიღეთ ასევე ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა. როცა რაოდენობრივად გავაკეთეთ ანალიზი, ჩვენი ექსპორტი არის გაზრდილი, ანუ ჩვენ უფრო მეტი საქონლის ექსპორტს ვახდენთ დღეს, ვიდრე ვახდენდით, მაგრამ ფულად გამოხატულებაში ეს არის შემცირებული, ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ იმ ბაზრებზე, რომლებზეც ასეთი მდგომარეობა იყო, წამოსულია სიტუაცია, და ნორმალურ ფარგლებს უბრუნდება ეკონომიკური მაჩვენებლები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
ჩემი ვარაუდია, რომ მოკლე პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ჩვენ საშუალო და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს ლარის გამყარებაც. არ ველოდები ლარის დევალვაციას, მოკლევადიანი რყევები გამორიცხული არ არის, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ველოდები ლარის გამყარებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.