logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: NATO-ს წევრობა არავისთან სამტროდ არ გვინდა
- +

29 ოქტომბერი. 2016. 22:44



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს  მიერ დაწყებული შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვის პროექტში საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობას არ სურს რუსეთსა და NATO-ს შორის ცივი ომი იყოს და რეგიონში მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა. როგორც კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აღნიშნა, შეკითხვა იმაზე, არის თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი ტიპის გეგმების ნაწილი არ არსებობს, რადგან ამ საკითხზე განცხადებები, როგორც გენერალურმა მდივანმა, ასევე NATO-ს  წევრი არაერთი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსმა გააკეთეს.


„ჩვენ ფაქტობრივად ინტეგრირებული ვართ NATO-ს  უსაფრთხოების სისტემაში. დღეს უკვე ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და თავდაცვის თანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-სთან, რომელიც ჩვენ გვაძლევს თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების. იქ არის ძალიან ხაზგასმით ნათქვამი, რომ თუ აქამდე ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქართველი სამხედროების მომზადებაზე, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო მისიებში, დღეიდან აქცენტი კეთდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით დინამიკა ძალიან მაღალია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, რეგიონში დაძაბულობის შემცირებისთვის, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწორი პოზიცია აქვს არჩეული.


„ჩვენ არ გვინდა რომ იყოს ცივი ომი. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა ჩვენს რეგიონში და ამ მიმართუოლებით ჩვენ ძალიან სწორი პოზიცია გვაქვს არჩეული. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება არის ისეთი, რომ ერთი მხრივ, ის განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში და მეორე მხრივ, ეს არის რეგიონში დაძაბულობის შენელებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩავასხათ ისეთი ზეთი, რომელიც ქვეყნებს შორის დაძაბულობას შეამცირებს. ასეთი ზეთი არის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული ურთიერთობები. ჩვენი დღევანდელი სტრატეგია ამართლებს, ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სრულ სტაბილურობაზე, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ საკმარის სტაბილურობაზე, იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, იყოს გარკვეული პროგნოზირებადობა, რათა საქართველომ გააგრძელოს საკუთარი კურსი დასავლეთისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.


„ჩვენ ვთვლით, რომ ვართ NATO-ს  ინტეგრირებული ნაწილი. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დროის საკითხია მხოლოდ და მხოლოდ. რაც შეეხება იმას, რომ ეს არ უნდა იყოს მტრულად მიმართული არც ერთი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ამ სიგნალებს მუდმივად ვაგზავნით, რომ ჩვენ NATO-ს წევრობა არავისთან სამტროდ არ გვინდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ჩვენს რეგიონში და სამეზობლოში შევამციროთ დაძაბულობა. ჩვენ გვინდა დავწიოთ ტემპერატურა, იმისთვის რომ საქართველომ გააგრძელოს სრული დინამიკით სვლა დასავლეთისკენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner