ავტორი მარიამ პაიჭაძე
დღეს „ფაბრიკა"-ში ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მეექვე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემია მიენიჭათ 18-30 წლის ახალგაზრდებს რვა ნომინაციაში.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ნომინანტებს წარმატება მიულოცა.
წინანდლის პრემიის ორგანიზატორმა ნინო ჟვანიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ მათთვის ძალიან ფასეულია თითოეული მონაწილის ნაშრომი, ვინც ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, ვინც შემოიტანა თავისი ნაშრომი, ეს ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ძალიან საინტერესო გამოდის ეს პრემია, რადგან გარდა იმისა, რომ საინტერესო ახალგაზრდებთან გვაქვს ურთიერთობა, თვითონ მათვე ვაკეთებინებთ ამ პრემიას, კლიპებს, მუსიკას, ლოგოს, ყველაფერს თვითონ აკეთებენ და ამ ურთიერთობაში იქმნება სახელოვნებო სივრცე, იცნობენ ერთმანეთს, მეგობრობენ და ყველანაირი იმპულსია ხელოვნებისთვის", - განაცხადა ნინო ჟვანიამ.
წინანდლის პრემიის ლაურეატი პოეზიაში გიორგი არაბული ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ამ გამარჯვებით.
„ნომინანტებში როდესაც გავედი მაშინაც ძალიან გახარებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს უკვე გამარჯვება იყო, მაგრამ დღეს ვარ ძალიან გახარებული, რომ მე ავიღე პრემია, არ ველოდი", - განაცხადა გიორგი არაბულმა.
წინანდლის პრემიის ლაურეატმა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გიორგი უგულავამ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას ფონდი საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და მისი თქმით, დიდი პატივია, რომ პრემიის ლაურეატი გახდა.
„დღეს ძალიან მაგარი დღეა. ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქალბატონი ნინო ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით აკეთებს ძალიან მაგარ საქმეს, იმიტომ, რომ ხელშეწყობა ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვანებისა არის ნამდვილად დიდი საქმე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან გამიმართლა, რომ პრემიის ლაურეატი გავხდი, ეს არის ძალიან დიდი პატივი, მით უმეტეს, ეს პრემია ატარებს ზურაბ ჟვანიას სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მშენებლობაში. დიდი მადლობა ზურაბ ჟვანიას ფონდს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდს და ვისურვებდი, რომ ასეთი დღეები იყოს კიდევ უფრო მეტი", - განაცხადა გიორგი უგულავამ.