რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი იმ სფეროებში გაგრძელდა, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
„განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, მიუხედავად 2015 წელს დაღმასვლისა, კვლავ ზრდის ტენდენციას გვიჩვენებს. რუსეთი საქართველოსთვის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე წერია, რომ რუსულ მხარეს სურს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.
„ამავე დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის გაზრდილ ტენდენციას", - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული ურთიერთობის ეტაპობრივი დალაგების კურსის ერთგული რჩება.
„დადებითი შეფასება მიეცა რუსული მხარის მიერ 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცისკენ მიმართულ ზომებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.