logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: გვასწავლონ, რატომ უნდა გვიყვარდეს რუსეთი!
- +

18 მარტი. 2016. 13:50



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ გრიგორი კარასინი ამ განცხადებით ცდილობს, გაამართლოს რუსეთის უარი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

 

„ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ქართული ანდაზა აღწერს, „მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო". ამ განცხადებით ამხანაგი კარასინი ცდილობს, რომ გაამართლოს რუსეთის უარი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწყებაზე. რუსი პოლიტიკოსებისგან არაერთი მიუღებელი გამონათქვამი გვესმის საქართველოს მისამართით. უპრიანი იქნებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს კოლეგას მოთხოვოს ინფორმაცია, თუ რა საკითხებია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართებაში ისეთი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რუსეთისთვის ხოტბა შეგვესხა და მუდმივად კმაყოფილები ვყოფილიყავით რუსეთის მეზობლობის გამო. ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ალბათ გამბედაობა არ ეყოფა, ისევე როგორც თავის დროზე არ უპასუხა არც რუსეთის თავდაცვის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის უგუნურ განცხადებებს. ჩვენი რუსი მეზობლები შევაჩვიეთ, რომ ამბობენ იმას, რაც ენაზე მოადგებათ, ხოლო ჩვენგან არის დუმილი. რასაკვირველია, კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს მის პირად ხედვას და ტელეკამერების წინ მხოლოდ იმ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ბეჭდური სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიეწოდება.


სოსო ცისკარიშვილი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ კარასინის განცხადებაზე. მისი თქმით, ყველაზე გონივრულია თავშეკავება, ეს ყველაზე სერიოზული პასუხია და უაღრესად აგრესიული ტონით მოლაპარაკე კარასინს ბევრი კომენტარით არ უნდა მივცეთ თვითტკბობის საშუალება.

 

„საქართველოს მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ უნდა ავნოს სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას. არც პრემიერ-მინისტრი, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავჯდომარე არ გამოირჩევიან რაიმე ანტირუსული ტერმინოლოგიით. თუ კარასინს მაინცდამაინც ჩემი ნათქვამი არ მოსწონს, ბარემ ჩემი სახელი და გვარიც ეხსენებინა. ამ უკმაყოფილების ძირითადი სუბიექტი თინა ხიდაშელია, მაგრამ მე მას ვურჩევდი, რომ გაეზიარებინა ოლივერ გოლდ სმიტის შეგონება „კამათში გამარჯვების საუკეთესო გზა არის კამათისთვის თავის არიდება". ასეთ ვითარებაში რუსული ხელისუფლება იმ კედელს ემსგავსება, რომელსაც ცერცვი უნდა შეაყარო და როგორც შეაყრი, ისევე ჩამოიპნევა. თავშეკავება ყველაზე სერიოზული პასუხია და უაღრესად აგრესიული ტონით მოლაპარაკე კარასინს ბევრი კომენტარით არ უნდა მივცეთ თვითტკბობის საშუალება. მისი საუბრის გამო ალიაქოთი არ უნდა ავტეხოთ ქვეყანაში. გვასწავლონ, რატომ უნდა გვიყვარდეს რუსეთი! ჩამოგვითვალონ ის საკითხები, რომლის გამო ტერიტორიამიტაცებულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმის საფუძველი, რომ ოკუპანტების მიმართ მხოლოდ სადღეგრძელოები წარმოვთქვათ", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner