logo_geo
eng_logo
მამუკა კაციტაძე: ოქტომბრის არჩევნებში რუსეთი მისთვის სასარგებლო შედეგებს ელოდება
- +

18 მარტი. 2016. 14:11



„ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. ამის შესახებ კაციტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე განმარტა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ და ეს ყველა ქართველმა კარგად უნდა გაიაზროს.


კაციტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი 2016 საპარლამენტო არჩევნებში მისთვის სასარგებლო შედეგს ელოდება, რაც საქართველოს პარლამენტში მისთვის მისაღები პარტიების ხილვას გულისხმობს.

 

„ჩემთვის კარასინის განცხადება გასაკვირი არ ყოფილა. ეს არ იყო განცხადება, რომელსაც არ მოველოდი და რომელიც იყო გასაოცარი და აღშფოთების გამომწვევი. არა იმიტომ, რომ მისი შინაარსი არ არის აღშფოთების გამომწვევი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის იმ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც მსგავსი ტიპის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ დიდი ხანია აქვს. ეს არც ბოლო წლების და არც ბოლო ათწლეულების გამოვლინებაა. ეს არის ზოგადი დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსი საქართველოს მიმართ, რომელსაც აქვს არაკეთილგანწყობლური დამოკიდებულება და რომელსაც აქვს აგრესორული, დამპყრობლური დამოკიდებულება.

 

2016 წელი არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელი. ეს არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის, რომელიც კეთილი განზრახვებით არ არის განსჭვალული საქართველოსადმი, ამ ტიპის დამოკიდებულება არის ჩვეულებრივი, სტანდარტული და ეს ყველაფერი ნაკარნახევია სწორედ 2016 წლის საარჩევნო წლიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ ეს წელი არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და რომ რუსეთის ხელისუფლება ოქტომბერში ელოდება მისთვის სასარგებლო შედეგებს, კერძოდ, სოლიდურ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რომელიც იქნება მისი მოკავშირე მომავალი 4 წლის განმავლობაში. ამ მოკავშირეობით რუსეთი გეგმავს, აღასრულოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს საქართველოს მიმართ.

 

ეს არის ღია გამოწვევა ქართული სახელმწიფოსადმი და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებისადმი. ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, სამოქალაქო სექტორსაც, მოქალაქეებსაც უნდა ესმოდეთ ეს განცხადება, როგორც რუსეთის  მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულების ღია დეკლარირება",- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner