„რატომ არ გააპროტესტეს ქარსაცავი ფიჭვების ჭრა ნამდვილმა გარემოსდამცველებმა თავის დროზე? სააკაშვილის პერიოდში? ცოტა უხერხული ხომ არაა, ხის გადარგვას აპროტესტებდე და მოჭრაზე ჩუმდებოდე?" - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს და აქვე ციხისძირის ხეების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს:
„დღეს ჩავედი ციხისძირში „სკანდალური ხეების" სანახავად. „პარტიზანი მებაღეების" და ეკოლოგების ნაცვლად დამხვდა „ნაციონალური მოძრაობის" ათამდე მხარდამჭერი და ორი თეთრი კარავი. როგორც ჩანს, „პარტიზანი მებაღეები" მას შემდეგ გაჩუმდნენ, რაც ანაზდად გაირკვა, რომ სკანდალს პოლიტიკური, უფრო სწორად კი, „ნაციონალური მოძრაობის" აფიორის და თაღლითობის სუნი სდიოდა. მაგრამ მანამდე ძალიან მოკლედ თავად „ხეების სკანდალზე": ივანიშვილის ინიციატივით აშენებული სანერგე მეურნეობებიდან უამრავი ორგანიზაციისა და დაწესებულისთვის ნაჩუქარი ხეხილი და დეკორატიული მცენარეები მთელ საქართველოში ხარობს, საუბარი არ არის უნიკალური ჯიშების გადარჩენის მრავალწლიან პროგრამებზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო „ჯიღაურას" მეურნეობა. იყო იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს უნიკალური კომპლექსი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს... და არა მხოლოდ ეს მეურნეობა... ეს არაა მთავარი. მოკლედ, ციხისძირის ტერიტორიაზე, რკინიგზის ლიანდაგის ახლოს ივანიშვილმა ნახა რამდენიმე ხე, არც ენდემური, არც იშვიათი, არც აკრძალულ ზონაში, არც დაცულ ტერიტორიაზე. უბრალოდ, სახელმწიფოს მიწაზე არსებული ხეები, რომლებიც ოფიციალურად იყიდა მასთან აფილირებულმა კომპანია „ბურჯმა". იყიდა - ნიშნავს საკუთრებაში მიღებას, ანუ, კომპანიას შეეძლო ამ ხის ყველანაირი გამოყენება. ფიცრად დახერხვა, ნახერხად დაფქვა, ლობიოს მოსარევი ქაფჩების დამზადება და ა.შ. მაგრამ ივანიშვილს სურს ხეების გადარგვა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელსაც იყენებენ ევროპაში. მოკლედ, ხეები უნდა ამოიღონ ფესვიან-მიწიანად და გადარგონ. ტრანსპორტირებისთვის სპეციალურმა მანქანამ ეს ხე უნდა მიიტანოს ზღვამდე, რისთვისაც უნდა გაიაროს ერთი ნაკვეთის ტერიტორია. სწორედ იმ ნაკვეთზე დგას ის ორი თეთრი კარავი, რომლებშიც დღეს ნაციონალები ფუსფუსებენ. ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ ეს ნაკვეთი (რომლის ფართობია 90 000 კვ.მ!) სააკაშვილის დროს გაყიდულა 1 ლარად და დღემდე გაფორმებულია პანამაში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რეალური მფლობელი კი არ ჩანს, თუმცა, დიდი გამოცნობა არ უნდა, ვისი შეიძლება იყოს, თუ ამ ნაკვეთის ტერიტორიაზე ნაციონალები დაბანაკდნენ. მოკლედ, გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი, როგორც ჩანს, ხეების გადარგვა კი არა, წლების წინ ჩადენილი ყიდვა-გაყიდვის აფიორა იყო. ცოტა კი გამიკვირდა, სააკაშვილის პერიოდში რაც ქვეყანაში ხეები იჭრებოდა, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" ასე უყვარდა ბუნება, რატომ არ გააჩერა ხელები? თუკი ეს პარტიული „ბუნებისდამცველები" მართლა წუხან ხეების მომავალზე, მაშინ როგორ ახსნიან ამ ფოტოებს. ყველა ფოტო გადაღებულია იქვე, ციხისძირში, კარვებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. ზღვისპირა ქარდამცავ ზოლში მოჭრილია ფიჭვები დაახლოებით 5-7 წლის წინ. იქვე შემხვდა ჩემი ერთ-ერთი ფოტოს პოზიორი ძროხის პატრონი ქალბატონი, იქაური მცხოვრები. - ზღვისპირა ქარდამცავი ფიჭვები წლების განმავლობაში იჭრებოდა და არცერთი ბუნების დამცველი იქ არ მისულა, თავად ნაციონალები თავის ნამოქმედარს თვითონვე ხომ არ გააპროტესტებდნენო, მითხრა ნახევრად ჩურჩულით, თითქოს ეშინოდა, „ბუნებისდამცველ" იქაურ ნაციონალებს არ დაენახათ. ნაციონალები გასაგებია, მაგრამ რატომ არ გააპროტესტეს ქარსაცავი ფიჭვების ჭრა ნამდვილმა გარემოსდამცველებმა თავის დროზე? სააკაშვილის პერიოდში? ცოტა უხერხული ხომ არაა, ხის გადარგვას აპროტესტებდე და მოჭრაზე ჩუმდებოდე?" - წერს უძილაური.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა