„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს მიმართ მუქარას უწოდებს. ამის შესახებ ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარ ძალებს ამოწმებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა, რომელიც დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში ნაკლებად ჯდება. მე ვფიქრობ, რომ კარასინი შესაძლოა ცოტა გადაკრულშიც კი იყო, როცა ამ განცხადებას აკეთებდა. წესით, ასეთი განცხადების გაკეთების უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა. ეს განცხადება ასახავს რუსეთში არსებულ საერთო განწყობას. რუსეთი ასეთი მედიდური პოზიციით ცდილობს, ყველა დააფრთხოს და შეაშინოს. რუსეთში ნერგავენ განცდას, რომ ახლა ისინი აღდგნენ, ძალაზე არიან და ყველას თავისას მიუზღავენ. ისინი სინჯავენ ნიადაგს, შევშინდებით თუ არა. ჩვენი პოზიცია ხანდახან ცოტა ხისტი უნდა იყოს ხოლმე, რომ ასეთი სურვილები მათ არ უჩნდებოდეთ. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გამუდმებით შანტაჟის ქვეშ ვიქნებით. უნდა დავანახოთ, რომ ამ ყველაფრით ფონს ვერ გავლენ", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.