logo_geo
eng_logo
გასაიდუმლოებული სამარხები, სადაც სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელ პირებს მარხავდნენ
- +

31 ოქტომბერი. 2016. 11:32



ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მსჯავრდადებული გელა უბილავა, „პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მზად არის სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, პროკურატურას სამეგრელოში აქამდე უცნობი და სრულიად გასაიდუმლოებული სასაფლაოების ადგილმდებარეობა აცნობოს და იქ დამარხულ პირთა იდენტიფიცირებაში დაეხმაროს.


გელა უბილავას ინფორმაციით, აღნიშნულ გასაიდუმლოებულ საფლავებში 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის ცხედარიც არის დამარხული. სამუდამო პატიმრობამისჯილი უბილავა სოსო პავლიაშვილის ბავშვობის მეგობრის ავთანდილ ადუაშვილის შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე მიცემულ სკანდალურ ჩვენებაში უბილავამ განაცხადა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა მაშინდელ სამხედრო პოლიციასთან და ამ თანამშრომლობის შედეგად მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა მათთვის არასასურველ ადამიანებს მისი ხელით იშორებდნენ. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მსჯავრდადებულმა გელა უბილავამ გასაიდუმლოებული საფლავების საქმეზე ძალოვან უწყებას ინფორმაცია გარკვეული ფორმით მიაწოდა, თუმცა საპროცესო გარიგება ამ სკანდალური ინფორმაციის სანაცვლოდ ამ დრომდე არ შემდგარა. ერთ-ერთი ინფორმაციით, უბილავა საფლავების საქმის გახსნის სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი პროკურატურა, სავარაუდოდ, უარს აცხადებს.


ეს საქმე პროკურატურამ უკვე სასამართლოს გადასცა. საქმის განხილვა დაწყებულია - იმ შემთხვევაში, თუ გელა უბილავას მიერ დასახელებულ გასაიდუმლოებულ საფლავებში ცინდელიანის ცხედარი აღმოჩნდა, მაშინ გამოძიება თავიდან დაიწყება. შეგახსენებთ, აქამდე ცნობილი იყო, რომ აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ 2008 წლის 16 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა სატყეო რეინჯერი დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო. „პრაიმტაიმთან" საუბარში კი გელა უბილავას თანამესაკნე გია ომიაძე ცინდელიანის გვამის თავიდან მოშორების სხვა ვერსიაზე საუბრობს, რომელიც მას ციხეში უბილავამ გაუმხილა, იმ მიზნით, რომ ომიაძეს ეს ინფორმაცია ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიეწოდებინა და ის მზად იყო, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, ის ადგილი მიეთითებინა, სადაც დავით ცინდელიანია გასაიდუმლოებულ ვითარებაში დამარხული.


აი, რას ჰყვება გია ომიაძე „პრაიმტაიმთან" საუბარში:


- გელა უბილავასთან ციხეში რამდენიმე თვე გავატარე. მე ფინანსური დანაშაულისთვის ვიხდიდი ერთ წლამდე სასჯელს. საკანში დავახლოვდით. მე მას გულწრფელად ვუყვებოდი ისტორიებს ჩემს შესახებ. მოუყევი ჩემი კონტაქტების შესახებ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მქონდა ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებთან. ის მეკითხებოდა გარკვეულ დეტალებს და მეც ვპასუხობდი და ვუყვებოდი სხვადასხვა საქმეების შესახებ, რომელთა გახსნაშიც მეც ვმონაწილეობდი. დაახლოებით ერთ თვეზე ნაკლები მრჩებოდა ციხის დატოვებამდე, როცა გელა უბილავამ მომიყვა საზარელი დანაშაულის შესახებ, რომელშიც თურმე ის კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო სამეგრელოში გასაიდუმლოებული საფლავების არსებობა. უბილავა მარწმუნებდა, რომ ამ საფლავებში [იგულისხმება სააკაშვილის დრო] ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩატარებული გასაიდუმლოებული ოპერაციების დროს მოკლული ადამიანები არიან დაკრძალული. მისი მტკიცებით, ამ საიდუმლო სამარხებში არის დაკრძალული დავით ცინდელიანი. აი, ის საწყალი ბიჭი, სატყეო დეპარტამენტში რომ მუშაობდა და ომის დროს რომ გაუჩინარდა.

 

- და რა გითხრათ უბილავამ ცინდელიანის შესახებ?

 

- გელა უბილავა მიყვებოდა, რომ ზუსტად არ იცოდა, რა ტერიტორიაზე მოკლეს ცინდელიანი, თუმცა მოგვიანებით მისი ცხედარი სამეგრელოში საიდუმლო სამარხის ტერიტორიაზე მიიტანეს და იქ დაკრძალეს. ცინდელიანის გარდა, ამ სამარხებში არაერთი ადამიანის ცხედარი განისვენებს, მათ შორის, როგორც მან მითხრა, აფხაზეთში გაუჩინარებული პირებიც. საუბარია აფხაზებზე, რომლებიც იქაურმა სპეცსამსახურებმა მოიშორეს თავიდან და ქართული სპეცსამსახურების დახმარებით სამეგრელოს ტერიტორიაზე მისთვის ცნობილ საიდუმლო სამარხებში დამარხეს.


- რა მიზანი ამოძრავებს უბილავას, რატომ გაგიმხილათ ეს ამბავი?


- უბილავა აცხადებს, რომ ის ადუაშვილის მკვლელობაში არ მონაწილეობდა, თუმცა სხვა ამაზე მძიმე დანაშაულებში მიუღია მონაწილეობა. მას სურს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მიაწოდოს ინფორმაცია გასაიდუმლოებულ საფლავებზე. სწორედ ამაზე შევთანხმდით. მე მას დავპირდი, რომ მაღალი თანამდებობის პირებს მივაწვდიდი აღნიშნულ ინფორმაციას და მასთან გაფორმდებოდა საპროცესო გარიგება. ის ციხეს დატოვებდა და ამის სანაცვლოდ დაასახელებდა იმ ადგილებს, სადაც საიდუმლო საფლავებია.

 

- გელა უბილავა თავადაც მონაწილეობდა გვამების დამარხვაში?


- ის აცხადებდა, რომ მას არაერთი დანაშაულის ჩადენა მოუწია როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე და იცის ამ საფლავების არსებობის შესახებაც. მე ეს ინფორმაციები შესაბამის უწყებებს მივაწოდე, თუმცა რატომღაც არ შედგა მოლაპარაკება უბილავასა და ძალოვნებს შორის. რატომ, ეს ჩემთვის უცნობია.


გელა უბილავა სამართალდამცველებმა 2012 წელს დააკავეს. ის, რამდენიმე პირთან ერთად, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა და ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრებოდა.


სწორედ ამ საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესებზე გელა უბილავამ სკანდალური ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მისი ხელით მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა მათთვის არასასურველ პირებს იშორებდნენ. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გელა უბილავას ინტერესებს დღემდე იცავს ადვოკატი დავით მოდებაძე. ჩვენ შევეცადეთ, ყველა ის ინფორმაცია გადაგვემოწმებინა, რომელიც უბილავას ყოფილმა თანამესაკნემ მოგვაწოდა.


დავით მოდებაძე, გელა უბილავას ადვოკატი:


- ბ-ნო დავით, გელა უბილავამ თავის ჩვენებაში ნამდვილად დაადასტურა კოხტა კოდუასთან და მეგის ქარდავასთან თანამშრომლობის ფაქტი?


- კი, სასამართლოზე მისცა ასეთი ჩვენება...


- და თქვა, რომ მას ავალებდნენ ადამიანების მოშორებას?


- დიახ, ასეთი რამ მართლაც თქვა...


- გელა უბილავას თქვენი მეშვეობით ხომ არ უცდია პროკურატურასთან საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება?


- იცით, რა? თქვენ ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ. გასაგებია, რომ ჟურნალისტი ხართ, თქვენ ამას აცხადებთ, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ზუსტად? იქნებ, რომელიმე უწყების თანამშრომელი ხართ? ამიტომაც ჩემი პასუხი იქნება, რომ არ მიმიმართავს პროკურატურისთვის გარიგებასთან დაკავშირებით.


- ამას იმიტომ მეუბნებით, რომ ზუსტად არ იცით, ვარ თუ არა ჟურნალისტი?


- დიახ, მე მაქვს ჩემი განაწესი, კონფიდენციალურობის დაცვა და სხვადასხვა ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, მე შეიძლება ძალიან მინდოდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერ ვსაუბრობ.


- კარგით, ბოლო კითხვას დაგისვამთ და თუ შეიძლება, ან უარყავით ან დაგვიდასტურეთ. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან გელა უბილავასთან გქონიათ თუ არა საუბარი სამეგრელოში არსებულ გასაიდუმლოებულ საფლავებთან დაკავშირებით?


- ირაკლი, ვერ გიპასუხებთ... ვერ გიპასუხებთ... ვერ გიპასუხებთ.


- კარგით, ყველაფერი გასაგებია.


გელა უბილავას ადვოკატი ცალსახად არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისთვის ცნობილია სკანდალური საქმის დეტალები, რომელიც სამეგრელოში გასაიდუმლოებულ სამარხებს უკავშირდება. დავით მოდებაძე ჩვენთან საუბარში ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებს იშველიებდა იმის ასახსნელად, რომ ვერ ისაუბრებდა აღნიშნულ თემაზე. საინტერესოა ამ სკანდალური ინფორმაციის გახმაურების შემდეგ გაუჩნდებათ თუ არა უბილავასა და მის ადვოკატს დეტალებზე საუბრის სურვილი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ამ თემით „პრაიმტაიმია" დაინტერესებული და არა რომელიმე სპეცსამსახური.

 

 

 

ავტორი: ირაკლი მამალაძე

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner