logo_geo
eng_logo
ბურჭულაძის მევალეები პარტიის ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვენ
- +

31 ოქტომბერი. 2016. 11:46




პაატა ბურჭულაძეს ვალები ჯერ ისევ გასასტუმრებელი აქვს", - ამის შესახებ გამოცემა „პრაიმტაიმი" წერს.  


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის განცხადების მიუხედავად, სადაც ამბობდა, რომ ვალში არავის დარჩება, ფინანსების მოძიებას მაინც ვერ ახერხებს და მევალეები საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავენ.


მიუხედავად იმისა, რომ გაუჩინარების შემდეგ მსოფლიო ბანი მედიაში ისევ გამოჩნდა და დაგვარწმუნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ვალშიც არავის დარჩება, ფინანსების მოძიებას, როგორც ჩანს, მაინც ვერ ახერხებს. მოვალეებიც ლოდინს აღარ აპირებენ და საკუთარი ინტერესების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავენ.

 

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პარტიების მიერ კონკრეტულ პერიოდში ფინანსური ანგარიშსწორებების მონიტორინგის შედეგებს ასახავს, პაატა ბურჭულაძის პარტიის ვალი ერთ მილიონს აჭარბებს, უფრო კონკრეტულად კი, 2016 წლის 29 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ბურჭულაძის პარტიის დავალიანება 371 028 ათასი იყო, 31 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით შუალედში პარტიის დავალიანება 652 881-მდე ავიდა, საჯარო რეესტრის უახლესი მონაცემებით კი, რომელიც 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის შუალედს ითვლის, პარტიის დავალიანება 591 372 ლარია. გარდა ოფიციალური მონაცემებისა, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პარტიას არაოფიციალური ვალებიც აქვს", - წერს გამოცემა.


პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" ფინანსურ პრობლემებზე პარტიის დატოვების შემდეგ ბევრს საუბრობდა ხათუნა ლაგაზიძე. მან ბურჭულაძის პარტიის ბლოკად ჩამოყალიბება ფინანსურ პრობლემებს დაუკავშირა.


„ჩვენ გვქონდა მძიმე ფინანსური კრიზისი, რის გამოც პარტიის რღვევა იწყებოდა და ბურჭულაძემ ვაშაძე-კაციტაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანება სწორედ ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტა", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.


ხათუნა ლაგაზიძემ „რუსთავი 2"-ისა და „TV პირველის" ეთერში პაატა ბურჭულაძე უცხოეთში ფინანსური ნაკადების უკანონოდ გაგზავნაშიც დაადანაშაულა და გამოძიებას ამ თანხებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.


„ბურჭულაძემ უკანონო ფინანსური ნაკადები გაგზავნა საზღვარგარეთ. პროკურატურას მოვუწოდებ, დაინტერესდეს ამ თანხებით და გამოიძიოს. კონკრეტულ მილიონებზე იყო საუბარი და ეს ყველამ იცის. ინფორმაცია აქვს მერაბ ტყეშელაშვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გარიგებებში. საუბარი იყო ოთხ მილიონ-ნახევარ ლარზე, რომელიც ვალად ედო პაატა ბურჭულაძეს თავისი გამფლანგველი ხასიათის გამო. ჰკითხეთ „გირჩს" და დაგიდასტურებთ. სამჯერ გადაახდევინეს ერთი და იგივე თანხა, ვალი, ვერ ამოპირეს პაატა ბურჭულაძე", - აცხადებს ლაგაზიძე.


მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძისთვის პოლიტიკაში შემოსვლა ბიზნესპროექტი აღმოჩნდა, საიდანაც ბურჭულაძეს პირადი ფინანსური სარგებელი უნდა მიეღო.


საბოლოოდ კი, ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძე ამომრჩევლის მოტყუებასა და გაყიდვაში დაადანაშაულა.


ჩვენი ინფორმაციით, ბურჭულაძე ფულს არა მხოლოდ კოორდინატორებსა და რიგით წევრებს ვერ უხდიდა, არამედ ოფისების ხარჯებსაც ვერ ფარავდა. მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა", - წერს „პრაიმტაიმი".


გამოცემის თქმით, მევალეები აპირებენ პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში უჩივლონ და მისი ფინანსური ანგარიშების დაყადაღება მოითხოვონ, რათა ამ გზით დაიბრუნონ კუთვნილი თანხები.


მოვლენები ისე განვითარდა, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბურჭულაძემ ცენტრალური ოფისიდან გაპარვაც სცადა, თუმცა შპს „მმრეალ ინვესტის" დირექტორმა უშანგი ბუჩუკურმა, ასე ვთქვათ, „ფაქტზე წაასწრო", ოფისი დაულუქა და ინვენტარიც არ გაატანა. პაატა ბურჭულაძის ოფისის ინვენტარით სავსე მანქანა ამ დრომდე კომპანიის ეზოში დგას და პატრონს ელის. თუმცა, როგორც ჩანს, პატრონი მოსვლას არ აპირებს და მევალეებიც სხვა გეგმებზე იწყებენ ფიქრს.

 

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მევალეები აპირებენ, პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში ერთობლივად უჩივლონ და მისი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვონ. თუ სცენარი ისე განვითარდა, როგორც მევალეები გეგმავენ, პარტიის ფინანსური ანგარიშები დაყადაღდება და ის თანხა, რომელიც პარტიას ბიუჯეტიდან, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს, ისე ჩაერიცხება, ავტომატურად მევალეებს გადაეგზავნებათ.

 

პაატა ბურჭულაძე ბანკიდან დიდი ოდენობით სესხის აღებას, ვალების გასტუმრებასა და სესხის სწორედ იმ თანხით დაფარვას აპირებს, რომელსაც ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

 

პაატა ბურჭულაძის ბლოკმა არჩევნებში 3%-იანი ბარიერი გადალახა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად კონკრეტულ თანხას მიიღებს. უხეში გაანგარიშებით, ბურჭულაძის ბლოკი ყოველწლიურად, სავარაუდოდ, მილიონზე მეტ თანხას მიიღებს. ამ თანხას ბურჭულაძე ვაშაძესთან იყოფს, ამიტომ სესხის აღების შემთხვევაშიც კი ბურჭულაძე ვალს ბოლომდე ვერ დაფარავს და მოვალეებისთვის ანგარიშის გასასწორებლად რამდენიმე ათასი დააკლდება", - წერს გამოცემა.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პროდიუსერი ნიკა ლალიაშვილი ის გამონაკლისია, რომელსაც ბურჭულაძემ დროულად გადაუხადა. ჩვენ დავუკავშირდით ნიკა ლალიაშვილს, თუმცა მისი განცხადებით, მან პაატა ბურჭულაძეს ყრილობაზე დახმარება მეგობრობისა და პატივისცემის ხარჯზე უფასოდ გაუწია და ამ საქმეში არანაირი ანგარიშსწორება არ ჰქონია.

 

„პარტიის ყრილობაზე ვიყავი, როგორც კონსულტანტი, მეხებოდა გაფორმება, როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი მხარე", - ამბობს ნიკა ლალიაშვილი.


- თქვენთვის თანხა ვის უნდა გადაეხადა?


- თანხით არ იყო. მეგობრული დახმარება იყო, ასე ვთქვათ. იმ დროს ბურჭულაძის პარტიაში იყვნენ ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე - ჩემი მეგობრები და იმათ ხომ არ გამოვართმევდი ფულს? მაგრამ თვითონ იმ კომპანიას, რომელმაც ყრილობის ჩატარება უზრუნველყო, გადაუხადეს თუ არა თანხა, არ ვიცი.


ვალებთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პარტიაში სპეციალურ თათბირები ინიშნება. ამ დრომდე უცნობია, როგორ აპირებს პაატა ბურჭულაძე მილიონამდე ვალის დაფარვას, როგორ გადაუხდის ხელფასებს თანამშრომლებს და დაფარავენ თუ არა ოფისების დავალიანებებს, თვითონ ბანი კი გვაიმედებს, რომ ვალში არავის დარჩება.


„ჩვენ არავის ვალში არ დავრჩებით. იჯარების ვალდებულება კი რაც დაგვრჩა, ყველაფერს გავისტუმრებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



ავტორი: სალომე ჩადუნელი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner