1992 წლიდან 1997 წლამდე გაზეთ „სარბიელში" ვმუშაობდი და ძალიან ვამაყობდი ამით. მახსოვს, ხელფასად 30 ლარს ვიღებდი და არ არსებობდა საქართველოში ცხელი წერტილი, რომ არ მომევლო და „სარბიელში" არ დამეწერა. ერთხელ, ჩახუტებული „სარბიელი" 4000 მეტრი სიმაღლის მწვერვალ მარჯანიშვილზე ავიტანე, აფხაზეთში, გუმისთის ხიდს გადავედი და 2 საათი ვიყავი მოწინააღმდეგეებში, საომარ პოლიგონად ქცეულ სამეგრელოშიც მომიწია მატჩების გაშუქებამ, ერთხელ, ქესატობისას, ერთ ნომერში სულაც 12 სტატია დავწერე.... მოკლედ, მოსაგონარს რა დალევს...
ამიტომაც, ძალიან გამიხარდა, როცა ამავე სახელწოდების სპორტული საიტი შეიქმნა და სიამოვნებით მივიღე მოწვევა, მითუმეტეს, რომ სტადიონების ბლოგს ჩავუდექი სათავეში... ღმერთმა ქნას, სარბიელი.გე-ს საშუალებით გადაგვერჩინოს სტადიონები დანგრევას...
დღეს მორიგი მოსალოდნელი ბარბაროსობის შესახებ უნდა გამცნოთ: ვაი-ინვესტორებმა მორიგი მსხვერპლი ამოიღეს მიზანში - რაღაცა მაქინაციებით გლდანის მეხუთე მიკრორაიონის უძველესი, კორპუსებში ჩასმული, დაახლოებით 2653 კვადრატული მეტრის ფართობის საფეხბურთო მოედანი ჩაიგდეს ხელში და რა თქმა უნდა - საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებენ!!!
უკვე მიწის თხრაც დაიწყეს, მანქანებით გადაუარეს მოედანს, სინჯები აიღეს ლაბორატორიისთვის და ღამით, ჩუმად, ერთი საფეხბურთო კარიც მოჭრეს!!! სპორტის გარეშე აპირებენ ასობით პატარა გლდანელის დატოვებას. არად დაგიდევენ არათუ მეზობელი, არამედ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობასაც...
გლდანში, სადაც თითქმის ნახევარი თბილისი ცხოვრობს და სადაც ძნელად მოიძებნება ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის გასართობი თუ გამაჯანსაღებელი კომპლექსები, კომუნისტების დროს აშენებულ თითქმის ყველა პატარა მოედანს ემუქრება დანგრევა! ეს მოედანი საცურაო აუზის გვერდით მდებარეობს და ამ ვაი-ინვესტორებს ნება რომ მისცე - აუზსაც სიამოვნებით დაანგრევენ და კორპუსებს ააშენებენ!
ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელობამ თუ არ იღონა რამე - ეს ოდესღაც აყვავებული სოფელი და შემდეგ კორპუსებით დაფარული საცხოვრებელი კომპლექსის ცხრა მიკრორაიონი ერთ დიდ ბეტონის ჯოჯოს დაემსგავსება... გლდანელებმა მერიის სახელზე წერილი დაწერეს, ხელი უკლებლივ ყველამ მოაწერა და მათივე უბნელების - ლაშა უბრიასა და ზაალ შელიას დაავალეს ჩემამდე მოტანა...
ისინი მომიყვნენ, რომ ათი წელია, მეხუთემიკრორაიონელები ელოდებოდნენ, როდის გაუკეთებდნენ მათ მოედანს ხელოვნურ საფარს, მაგრამ ყველა მხოლოდ ჰპირდებოდა, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს...
ბიჭების თქმით, შარშან შექმნილმა ფირმა შპს „ნიუ ჰორიზონმა", ქავთარაძის 19 ნომერში რომაა დარეგისტრირებული, შექმნიდან სულ მალე მოიგო აუქციონი!!! ისე, ფირმის ელექტრონული ფოსტაც ბევრ რამეზე მიუთითებს: kvantusa@mail.ru! მოკლედ, ახალშექმნილმა კვანტუსებმა გადაიფორმეს ტერიტორია, მონახეს სამშენებლო კომპანია და საცაა მშენებლობას დაიწყებენ...
მარტო მერიისა და საკრებულოს ძალისხმევაც არ იქნება საკმარისი, ხალხმაც ხმა უნდა ამოიღოს და ისე შეიკრან ერთ მუშტად, როგორც გლდანისვე პირველ მიკრორაიონში მოახერხეს, სტადიონი გადაარჩინეს და ვაი-ინვესტორებს საკუთარი ადგილი მიუჩინეს...
მე კი მინდა, ერთი შეკითხვით მივმართო - კვანტუსებო, თქვენ შვილები გყავთ?
მამუკა კვარაცხელია