logo_geo
eng_logo
შსს-ს დელეგაცია ევროპოლს ეწვია
- +

31 ოქტომბერი. 2016. 18:43


 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები ჰააგაში ევროპის პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" ფარგლებში განხორციელდა.



შსს-ს დელეგაცია ევროპოლის სტრუქტურას, სხვადასხვა დანაყოფის უფლება-მოვალეობებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, ევროპის მასშტაბით ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მიდგომებს გაეცნო.



შეხვედრაზე ევროპოლის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლაზე, აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების წესსა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების მეთოდებზე იმსჯელეს.



ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს დელეგაცია ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემის - ევროჯასტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მექანიზმები და სამართლებრივი რეგულაციები განიხილეს. ევროპელმა კოლეგებმა შსს-ს დელეგაციის წევრებს საპოლიციო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების საკითხებზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.



ევროპოლის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული რეფორმები, ასევე, ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეული შედეგი.



უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც საქართველო ევროპოლის სრულუფლებიანი წევრი გახდება და ევროპის პოლიციის სამსახურში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.


ჰააგაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოს პოლიციის წარმომადგენელსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე იმსჯელეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner