logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: რომელ ხარჯებზე მესაუბრება წინა ხელისუფლება, რომელიც უაზროდ ყრიდა ფულს?!
- +

17 თებერვალი. 2016. 18:49


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გადაცემა „არჩევანში" ზოგიერთი სამინისტროს გაუქმების ინიციატივით გამოდის, მისი მტკიცებით, ეს საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.


ქადაგიძის ამ ინიციატივას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ ეს არის სადისკუსიო თემა; თუ პრობლემა არსებობს უნდა განიხილონ, თუმცა ქადაგიძეს მიმართავს, რომ თუ ასეთი საინტერესო ინიციატივები ჰქონდა, რატომ არ გააჟღერა წინა ხელისუფლების დროს, როცა მათ მიერ ამდენი სამინისტრო შეიქმნა?!


„გიორგი ქადაგიძემ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები გააჟღერა წინა ხელისუფლების შეცდომებთან დაკავშირებით, ეს, ალბათ, აღიარებაც იყო. მცირე და საშუალო ბიზნესი წინა ხელისუფლებამ სერიოზულად დააზარალა, ქადაგიძემ ასევე აღიარა წინა ხელისუფლების მიერ მსხვილ ბიზნესზე ზეწოლები, მაგრამ ასე თუ ისე მსხვილმა ბიზნესმა ამ წნეხს გაუძლო. რაც შეეხება საშუალო ბიზნესს, მან თქვა, რომ პრობლემები აქაც სწორედ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. წინა მთავრობის დროს ქვეყანაში ეკონომიკურად არაჯანსაღი პროცესები იყო და ეს კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. როცა ამ თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა.

 

რაც შეეხება სამინისტროებთან დაკავშირებულ რეფორმებს, სააკაშვილის იდეა იყო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პროკურატურა შეიყვანა სამინისტროს დაქვემდებარებაში და პრაქტიკულად იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორი გახადა. ეს მოცემულობა სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა, ახლა კი ქადაგიძე გამოდის და გვეუბნება, ეს არ ვარგა და უნდა შეიცვალოსო.

 

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, იუსტიციის მინისტრი დღეს აღარ არის მთავარი პროკურორი და მას პარლამენტი ირჩევს. პრობლემები სწორედ იმ არასწორი რეფორმების დამსახურებაა, რაც მათ გაატარეს. კარგად ვიცით, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი რეალურად არაფერს არ აკონტროლებდა, თუმცა მთავარი მაინც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მაშინ ალბათ მაინც მთავარ პროკურატურას ექვემდებარებოდა მიუხედავად იმისა, რომ ცალკე სტრუქტურა იყო.

 

ეს მანკიერი სისტემა წინა ხელისუფლებამ შექმნა და ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გამოვასწოროთ. შევცვალეთ კანონი პროკურატურის შესახებ და ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.

 

რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ბიუროკრატიული და ადმინისტრირების ხარჯები უნდა შემცირდეს, მაგრამ ყველა პრობლემის თავი იყო წინა ხელისუფლება, რომელმაც ჩაკლა ბიზნესი, მათ ეკონომიკის განვითარებას ჯანსაღი მიმართულება არ მისცა. ამ შოკიდან გამოსვლას სამი და ხუთი წელი არ ეყოფა, ყველაფრის გამოსწორებას სჭირდება დრო.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახლა რომ მოგვევლინა რეფორმატორად, თუ ასეთი საინტერესო იდეები ჰქონდა თავის დროზე უნდა გაეჟღერებინა და ეთქვა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ამდენი სამინისტრო საჭირო არ იყო.

 

თუ სადმე პრობლემა არსებობს, უნდა დავინახოთ და გამოვასწოროთ. ეს არის სადისკუსიო თემა, თუ სადმე შეიძლება გატარდეს რეფორმა და ამით ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ. რომელ ხარჯებზე მესაუბრება წინა ხელისუფლება, რომელიც უაზროდ ყრიდა ფულს?! რეფორმა თუ არის გასატარებელი, განვიხილავთ, მაგრამ ეს ქადაგიძის მოწოდებით არ მოხდება. ვფიქრობ, ეს პოპულისტური და იმიჯის შექმნის მიზნით გაკეთებული განცხადებაა. მთავარი არ არის, რამდენი სამინისტროი იქნება, მთავარი ისაა, რა კეთდება ამ სამინისტროში. სახელის შეცვლით და ერთი სამინისტროს მეორესთან მიერთებით არაფერი შეიცვლება", - განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner