ავტორი ნინო ჯიბუტი
მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი „რეპორტიორთან" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ მასალების გამოქვეყნებაში პასუხისმგებლები წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
„დამტკიცებული ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა მნიშვნელობის დაახლოებით 25 000 ფაილი შექმნა. ამაზე უკვე არავითარი ორი აზრი არსებობს, ყველამ იცის და აღმოჩენილია ეს მასალები. ამ ვიდეოების არსებობა ხალხმა უკვე 3-4 წელიწადია იცის, ისედაც იცოდა, მაგრამ მერე უკვე დამტკიცდა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში ამ ვიდეოების პატარა „ფლეშკაზე" ჩაწერასა და ჯიბეში ჩადებას არაფერი უნდა. იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოდან გაქცეულები არიან, დარწმუნული ვარ, რომ ეს კოლექციები შენახული აქვთ.
ამ შემთხვევაში ხალხის აგრესია გაუცნობიერებლად მაინც დღევანდელი ხელისუფლებისკენ მიდის და მისკენ იშვერენ ხელს. ახლა იმასაც ამბობენ, ყველა კვალი რუსეთისკენ მიდისო, და ვერ ხვდებიან იმას, რომ თუ მართლაც ასეა, რუსეთს აწყობს და ეს ვიდეო რუსეთიდან აიტვირთა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ დანაშაულს ვერ გამოვიძიებთ. ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება იყოს ჩანაწერი ატვირთული.
მე თავდებში ვერავის დავუდგები, მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს ამ ვიდეოების გავრცელება. არეულობა აწყობს იმ ხალხს, ვისაც აპრიორი არჩევნები წაგებული აქვს, ვისაც არ აწყობს ქვეყნის წინსვლა. მოვიდა გაწონასწორებული, დიპლომატი, განათლებული წყნარი ადამიანი (პრემიერს ვგულისხმობ), რომელმაც პრეზიდენტთანაც გამონახა საერთო ენა, პარლამენტთან თანამშრომლობს, ბევრად უფრო მოქნილი პოლიტიკოსია, ყველამ იცის, რომ წესიერი კაცია და მშვიდად მივდივართ არჩევნებამდე. ასეთი ვითარება კი ვიღაც-ვიღაცეებს არ აწყობთ, ამიტომ ამ გზით დაიწყეს შეტევა.
მომღერალი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერები როგორც კი შეიქმნა, მაშინვე გაკეთდა უამრავი ასლი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ამ მასალებით ხალხის დაშანტაჟებას ცდილობდა, რომ მათი სასარგებლო პოზიცია ნებისმიერ სიტუაციაში დაეჭირათ.
„სწორედ იმას ვამბობ, რომ ამ მასალების დუბლიკატები არსებობს. დარწმუნებული ვარ, ფირი როგორც კი შეიქმნა, ცალკე ახალაიას და ცალკე მერაბიშვილის მხარეს კოლექციის ნაწილები ყველა გატანილი აქვთ. ისინი ერთმანეთთან უკვე დაპირისპირებულები იყვნენ 2012 წლის არჩევნების წინ. დარწმუნებული ვარ, ამ მასალებს ერთ ფირად ნამდვილად არ შექმნიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა" ახლა ამბობს, ხალხი არ დაგვიშანტაჟებიაო, შანტაჟი იცით, როდის იწყება? - სანამ მასალას გამოაქვეყნებ. იმ ადამიანებს, ვისზეც უკვე გარკვეული სახის კომპრომატები გაქვს, ისე ამოქმედებ. თუ გამოუქვეყნებ, ვეღარ დააშანტაჟებ. ამიტომ არ აქვეყნებდნენ აქამდე და საზოგადოება დაშინებული ჰყავდათ. ახლა დასჭირდათ ამის გამოქვეყნება, რათა ქვეყანაში არეულობა შექმნან.
ამერიკელები კლინტონის საქმესთან დაკავშირებით რომ გამოჰკითხეს, ყველამ თქვა, ეგ საქმე თავის ცოლთან გაარკვიოსო. კლინტონმა თავისი საპრეზიდენტი ვადა დაახლოებით 60-დან 65%-მდე რეიტინგით დაასრულა, რომელიც ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია, ანუ პირადი ცხოვრების გასაჯაროებამ საზოგადოებაზე არ იმოქმედა. ეს პირადი ჩანაწერები არის ადამიანების ოჯახში მოსაგვარებელი. თუ ადამიანი საყვარელთან არის და არავისთან აქვს პასუხისმგებლობა, ამის გამოქვეყნებას აზრი არ აქვს. თუ ვინმეს ღალატობს იმ მომენტში, სხვა სიმძიმის არის, პირველ რიგში ვისთანაც პასუხისმგებელია სიყვარულსა და ურთიერთობაზე, მასთან მოაგვარებს პირად ურთიერთობას და ეს არავის საქმე და განსახილველი არ უნდა გახდეს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.