„რესპუბლიკელ" ნოდარ ებანოიძის განცხადებით, პარტიის დატოვების ან არდატოვების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ის პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება. ებენოიძის თქმითვე, კითხვები პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არსებობს.
„ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა. ჯერჯერობით პარტიის ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არ მიმიღია. მე პირადად, პარტიის ღირებულებებთან დაკავშირებით რაიმე გაუგებრობა არ მაქვს. პოლიტიკური მოცემულობა ასეთია, რომ, ფაქტობრივად, არსებობს პოლიტიკური ცხოვრების შეჩერების საშიშროება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარეც საუბრობდა. რიგ საკითხებს სჭირდება გადაწყობა, როგორ და რა გზით ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე ვარ პარტიის წევრი. ჩემთვის იოლი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ,,რესპუბლიკურ პარტიაში" 26 წელია ვიმყოფები. ამ დღეებში შეხვედრა გვექნება პარტიის თავმჯდომარესთან და ამის შემდგომ მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, დავტოვებ თუ არა პარტიას," - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა ვახტანგ ხმალაძემ და თემურ ნერგაძემაც მიიღონ.