ავტორი ალა გრიგალაშვილი
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საზღვრისპირა სოფლებში მყოფ საერთაშორისო მისიების დამკვირვებლებს აკრიტიკებს. პოლიტოლოგის შეფასებით, მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლები „მუქთამჭამელები" არიან და დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებენ.
„საზღვრისპირა სოფლებში მავთულხლართები ლამის ყოველდღე 50-100 მეტრით იწევს. ეს ყველაფერი მუქთამჭამელი ევროპელი მეთვალყურეების თვალწინ ხდება. ამ ყველაფერს უყურებენ და გაიძახიან, ჯერ არ გავრკვეულვართ, რა ხდებაო. ეს ცინიზმია! შე მამაცხონებულო, მეტი რა გარკვევა გინდა, ყველაფერს შენი თვალით უყურებ. ამ დროს ხელფასს იღებენ იმდენს, პრემიერს და პრეზიდენტს რომ არა აქვს ჩვენთან. მათი ფაქტზე რეაგირება მხოლოდ იმაში გამოიხატება, ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობასო. დაწერენ 100-გვერდიან მოხსენებებს, მერე ამ ფურცლებს მტვერი ედება სტრასბურგისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქის თანამდებობის პირთა კაბინეტებში... ბოლოს კი ეს ყველაფერი მაკულატურად იქცევა", - განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში საქართველო მარტო აღმოჩნდება და არცერთი „ვითომ პარტნიორი" მას რეალურ თანადგომას არ გამოუცხადებს.
„მსოფლიოში დღეს არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც რეალურად დაგვიდგება გვერდით რუსეთის ჰიპოთეტური თუ რეალური აგრესიის შემთხვევაში. ისინი მხოლოდ ფუჭი განცხადებებით, სასმელი წყლისა და პამპერსების გამოგზავნით შემოიფარგლებიან. არცერთი მათგანი პირდაპირ არ გამოვა და რუსეთს არ ეტყვის - მე საქართველოსთვის ვიომებო. საქართველოს არასოდეს ჰყოლია სტრატეგიული მოკავშირე და დღეს გაუჩნდება?!", - განაცხადა ცინცაძემ.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, პოლიტოლოგის თქმით, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური გზა უნდა აირჩიოს.
„მეზობლებს და მშობლებს არ ირჩევენ, ასეთი მეზობელი გვყავს, ვერაფერს ვიზამთ. დიპლომატიაც იმიტომ არსებობს, რომ გამოძებნო მასთან ურთიერთობის ფორმა, მოუძებნო გასაღები დიალოგით, შეხვედრებით და ა.შ. რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობა ათჯერ მეტად უღირს, ვიდრე სამხრეთ ოსეთთან, სადაც 100 კილო ვაშლის გარდა არაფერი მოდის წელიწადში. არც კურორტია და ის მხოლოდ წარმოადგენს შავ ხვრელს რუსეთის ბიუჯეტისთვის; სამხრეთ ოსეთი რუსეთის ბიუჯეტს წისქვილის ქვებივით ჰკიდია. საზღვრების გადმოწევა კი გზავნილია, რომ პროცესი გაგრძელდება. თუ გვინდა საუბარი, ვისაუბროთ. ვერ ვატყობ, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად იყოს, გათავისუფლდეს მორალური მძევლის როლისგან. სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ უნდა მოხდეს გარღვევა, თუ არა, მზად უნდა ვიყოთ სუფთა რუსულ სტილში ჩამოყალიბებული სიურპრიზებისთვის. უბედურება ისაა, რომ არაფრისთვის მზად არ ვართ. დღეს თუ საზღვრისპირა სოფლებში ვაშლის ნერგებს ჩეხავენ, ხვალ უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა, გორთან მოვიდეს ეს საზღვრები. არავინ ჩვენი დამხმარე არ იქნება", - განაცხადა ცინცაძემ.