logo_geo
eng_logo
თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი გახდა
- +

1 ნოემბერი. 2016. 12:10



ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორის ახალი მოადგილე, პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი წარუდგინა.



გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელი წლების განმავლობაში პენსილვანიის უნივერსიტეტში მუშაობდა. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მათ შორის საუკეთესო სწავლებისათვის საპროფესორო ოსკარი და სხვა. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტაბებში პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაამთავრა და მინიჭებული აქვს მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.



მისივე თქმით, მიხელ ჩხენკელის კანდიდატურა აკადემიურ საბჭოს გუშინ წარედგინა, დღეს მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება დაიწერება. გიორგი შარვაშიძის თქმით, მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის სტრატეგიულ დაგეგმარებას და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობას უხელმძღვანელებს. გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ჩხენკელი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში, რომლის სამუშაო ვარიანტი უკვე არსებობს.



მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთელ ცოდნას და გამოცდილებას მოახმარს მშობლიური უნივერსიტეტის განვითარებას, რათა იგი ევროპული დონის უნივერისტეტი გახდეს. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ იგი 2008 წლიდან საქართველოშია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საბჭოს წევრია.



მიმდინარე წლის 20 აპრილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში რექტორის მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner