„საქპატენტის" ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დასრულდა. აღნიშნული ცენტრის სერტიფიკატები დღეს, 18 მარტს (2016 წ.) „საქპატენტის" სათაო ოფისში პირველად გადაეცემა თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის" და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს. სასწავლო ცენტრში გავლილი კურსი პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში, რის საფუძველზეც გადამზადებული ადვოკატები კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ მოქალაქეებს.
28-საათიანი სალექციო კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ „საქპატენტის" ხელმძღვანელი პირები, განხორციელდა ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)" აღებულ ვალდებულებას. დაინტერესებული პირები მომავალშიც შეძლებენ სალექციო კურსის გავლას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებში.