2016 წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილეო გამოფენას უწევს ორგანიზებას.
1 ნოემბერს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში რიგით მესამე საზეიმო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით კი მეოთხე გამოფენაზე კი დამთვალიერებელი მხატვრის სრულიად უცნობ გრაფიკულ ნამუშევრებს იხილავს.
ყველა მსურველს საშუალება ექნება, ესტუმროს ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზს ყოველდღე 11 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა. რიგით მეორე გამოფენა კი 22 ივნისს მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
მხატვრის საიუბილეო წელს მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.