logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თინა ხიდაშელის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა
- +

1 ნოემბერი. 2016. 15:56



თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაემგზავრა ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე, ან რატომ ვერ მოისმინა საზოგადოებამ ვერც ერთი სიტყვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობაზე: „ვარშავიდან მინისტერიალამდე სამი თვეა. ზუსტად ვიცით, რომ ოქტომბრის მინისტერიალი შავი ზღვის ფორმატის შესახებ იმსჯელებდა. დიახ, სამი თვე შავი ზღვის ნატოს წევრ ქვეყნებთან დიალოგში, შეთანხმებებში, ფორმატის დაზუსტებაში უნდა გაგვეტარებინა. ამ ფორმატზე, შესაძლებლობებზე, წინააღმდეგობებსა და სამუშაოზე პრემიერს დეტალური ინფორმაცია დავუტოვე. თუმცა ამ ხნის მანძილზე არ გვინახავს ვიზიტი, არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა, რომ კომუნიკაცია შედგა, რამეზე შევთანხმდით, ან რაიმე ტიპის გარანტიები მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მინისტერიალი იყო, თავდაცვის მინისტრი კი თბილისში იმყოფებოდა. არგუმენტები, რომ ეს შიდა მინისტერიალი გახლდათ, არ მიგვიწვიეს და ა.შ. - არ მიიღება. ამაზე ლაპარაკი სირცხვილიც კია. როდესაც ყველა იქ არის, შენც იქ უნდა იყო. ყველა საშუალება და ფორმატი უნდა გამოიყენო, ესაუბრო, ორმხრივ ფორმატში შეეხმიანო, დერეფანში გადააწყდე, შეახსენო, დაუმეგობრდე. ჩვენთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არავინ მოიკლავს თავს. მეგობრებიც მაშინ არიან მონდომებული, როდესაც მუდამ თავს ახსენებ, აწუხებ, კარზე უკაკუნებ. ვარშავის სამიტის წინა მინისტერიალიც შიდა მინისტერიალი იყო, ოფიციალური ფორმატით არც მაშინ გახლდით, მაგრამ ჩვენ იქ ვიყავით და ზუსტად ისევე ვიმუშავეთ, როგორც მანამდე და შედეგიც ვნახეთ. ვარშავის შედეგს დაცვა, ბრძოლა და მეტის დაშენება სჭირდება. შავი ზღვა არის ყველაზე მოკლე გზა ნატოსკენ მიმავალ გზაზე".


პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: - ხელისუფლება მაქსიმალურად აქტიურობს იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ნატომ და საქართველომ შეათანხმეს. დიახ, ვარშავის სამიტზე საქართველოსა და ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა, რაც მართლაც უპრეცედენტო გახლდათ - ასეთი შეხვედრა მანამდე არასოდეს გამართულა და ეს დიდი წარმატებები იყო. სწორედ ვარშავის სამიტზე შავი ზღვის აკვატორიის გაძლიერება გადაწყდა და ნატოც მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას მხოლოდ ალიანსის წევრი მინისტრების მონაწილეობით გეგმავდა.


მინისტერიალს, რომელზეც ხიდაშელი ლაპარაკობს, არც ერთი მაპ-ის მქონე ან ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ დასწრებია. მოწვევა რომ მიგვეღო, ბუნებრივია, განხილვაში სიამოვნებით ჩავერთვებოდით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს. მან კარგად იცის ნატოს შიდა სამზარეულო და იცის, რომ მსგავს შეხვედრებში ზოგჯერ საქართველოს მინისტრი არ მონაწილეობს.


- რაში სჭირდება ხიდაშელს იზორიას წინააღმდეგ, პოლიტიკური სპეკულაცია?

 

- კარგად მახსოვს „რესპუბლიკელების" და მანამდე - „თავისუფალი დემოკრატების" განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია მათით იწყება და მთავრდება. დავით ბერძენიშვილმა ისიც კი განაცხადა, „ქართულ ოცნებაში" დასავლური კურსის გენერატორები მხოლოდ „რესპუბლიკელები" ვართო. სწორედ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია.


ნატო და ევროკავშირის ერთხმად აღიარებენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით.


ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების მუშაობას დადებითად აფასებენ, ოპონენტები კი უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ. სწორედ ამიტომ მიჩნდება ეჭვი პოლიტიკურ სპეკულაციებზე, მით უმეტეს, რომ თინა ხიდაშელმა ლევან იზორიას წინააღმდეგ განცხადება არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გააკეთა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აჟიოტაჟის ატეხა სცადა.


- „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ?

 

- ზოგს თავის გამოჩენა სურს, ზოგს, შესაძლოა, „ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა უნდა. მიზნებზე თვითონ ილაპარაკონ. სამწუხაროა, თუ თინა ხიდაშელი ვერ ხვდება, რომ ასეთი განცხადებებით „ქართულ ოცნებას" კი არა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.


- და რას უპასუხებთ ხიდაშელის არგუმენტს, რომ შიდა მინისტერიალზე მონაწილეობაც შესაძლებელია, თუ თავდაცვის მინისტრი აქტიურად იმუშავებს და პარტნიორებს ქვეყნის სწრაფვას ინტენსიურად შეახსენებს?

 

- ხიდაშელმა კარგად იცის, რომ ნატოს ბევრ რამეს ვთხოვდით, მაგრამ მოთხოვნები არ კმაყოფილდება, თუმცა ამ პროცესებზე ხმამაღლა ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ?!


- ანუ, იზორიამ მოითხოვა მინისტერიალზე დასწრება და ნატოსგან უარი მივიღეთ?

 

- დაწვრილებით არ ვილაპარაკებ. ნატოში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მინისტერიალზე მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეიკრიბნენ და ამით ყველა კითხვა ამოწურულია.

 

 

 

რუსუდან შელია

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner