„როგორ ვიფიქრებდი, რომ ქვეყნის მოსახლეობის 27%-ს კიდევ მუცლის გვრემა ჰქონდა, ნაციონალები პარლამენტში რომ მოეხვედრებინა? ხალხო, სააკაშვილმა საქართველო გასული საუკუნის 30-იან წლებში დააბრუნა და ისევ იმას მისტირით?" - ამის შესახებ ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარმა რეზო კვერენჩხილაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა. როგორც კვერენჩხილაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს ჰგავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლიდან დაიწყო.
„2004 წელს, როგორც კი ქვეყნის სათავეში მოვიდა, სააკაშვილმა რეპრესიები დაიწყო. ათვლის წერტილად უნდა მიიჩნიოთ 2004 წლის 12 მარტს გლდანის ეკლესიის კარის „უაზით" შელეწვა. ბოლშევიკებმა დიქტატურის დამყარება ეკლესიების ნგრევით არ დაიწყეს?
1934 წლის გაზაფხულზე თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქაშუეთის ეკლესიის დანგრევისა და მის ეზოში აბანოს - „ჰიგიენის სახლის" აშენების თაობაზე. უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატე ცინცაძემ ლავრენტი ბერიას დედას გააგებინა ეს ამბავი და ტაძარი დანგრევას გადაარჩინა. თვალთმაქცმა ბერიამ, ვითომდა ეს ამბავი არ იცოდა, ირონიით სავსე განკარგულება გასცა, გამიგეთ, ეკლესიის დანგრევა ვინ მოისურვაო? გარდა ამისა, მართალია, მეტეხის ეკლესიის აფეთქებაც გადაიფიქრა, მაგრამ ვინც ეკლესიის აფეთქების კატეგორიული წინააღმდეგი იყო - მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე - დახვრიტა.
ეს ყველაფერი რომ ვიცი, გულშეწუხებული ვუსმენდი სააკაშვილის მიერ წმინდა გიორგი შეფასებას - ცხენზე იჯდა და შუბი ეჭირაო - ეს ავადმყოფი, წმინდანებსაც რომ ცოდვის თვალით უყურებდა. წმინდა გიორგის შუბი ადამიანების ჩასახოცად კი არა, ბოროტების შესამუსრად ეჭირა.
სააკაშვილი ეკლესიას რომ ანგრევდა, ბაგრატის ტაძრის „აღდგენაშიც" კი გამოიხატა - სად გაგონილა, ძველ ქართულ ტაძარს ლიფტი ჰქონდეს ან „პამპერსად" წოდებული შუშის მოაჯირის მსგავსი აივანი? იტალიელ მშენებლებს რომ იწვევადა, ეკითხა მაინც, კოლიზეუმს რატომ არ უკეთებენ შუშის ლიფტებს და მოაჯირებს? ეკლესიის ნგრევაა, აბა, რა არის, როცა ამ გაუბედურებულ ქვეყანაში მღვდელს 60-ათას დოლარიან ჯიპს აჩუქებ, ისიც მიიღებს, მერე ჩაჯდება და გულგრილად ჩაუვლის ბუნკერში თავით ჩაყუდებულ მშიერ მრევლს.
ყველაზე დიდი ცოდვა ადამიანის ზნეობისა და მორალის ნგრევაა და ეს სწორედ სააკაშვილმა გააკეთა - გარყვნა თავისი ხელქვეითები, ციხეში ჯალათების ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და ეკლესიაც შუაზე გახლიჩა. თავის დროზე იგივე გააკთა ბერიამ - ხელქვეითებს დიდი ჯამაგირის ფასად ხალხს საპყრობილეებში აწამებინებდა, ხოლო მწამებელთაგან თუკი ვინმე მოკვდებოდა, სახელმწიფოს ხარჯით ასაფლავებდა - სწორედ სახელმწიფოს ხარჯით დაასაფლავა დიდი ჯალათი ზახარ შაშურკინი",- განაცხადა კვერენჩხილაძემ.