logo_geo
eng_logo
სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- +

1 ნოემბერი. 2016. 19:28



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.



2 ნოემბერს, 14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიას ეწვევა და  შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

 

ამ დროისათვის, დასრულებულია სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი -  უკვე სრულად გარემონტდა ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე აკადემიის კორპუსი; ჩატარდა გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე შენობის გამაგრებითი სამუშაოები; შემდეგი ეტაპი, ამავე შენობის სტრუქტურის  აღდგენასა და ისტორიული დარბაზებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაციისთვის სულ 8 541 000 ლარი გამოყო.  2015-2016 წლებში, აკადემიის შენობების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 3 094 000 ლარი, ხოლო, 2017 წელს 2 120 000 ლარის ღირებულების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაცია 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე დასრულდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობების რემონტი. ამ ეტაპზე ხორციელდება 10-ზე მეტი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი; დაგეგმილია კიდევ 50-მდე შენობის რეაბილიტაცია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner