სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ნიკა გვარამია მოწმის სახით შს სამინისტროში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
„გვარამია დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე. შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. ეს ჩანაწერი, როგორც მაშინ გვარამიამ განაცხადა, გაკეთებული იყო თავად მის მიერ სპეციალური აპარატით და არა - ტელეფონით. ჩანაწერის გაკეთების მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილება დაასახელა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პერიოდი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა და შემდეგ განადგურდა, რადგან საინტერესო მასალას არ შეიცავდა",-ნათქვამია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში.