logo_geo
eng_logo
ე.წ. „კოკაინის საქმეზე" ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი არ დადასტურდა - საქმეზე გამოძიება შეწყდა
- +

18 მარტი. 2016. 18:46



საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. „კოკაინის საქმეზე" ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული. გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:


„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე'' მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას.

 

მედიასაშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ.

 

საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, გამოძიება  ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, ჩატარდა ასზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, მათ შორის დაიკითხნენ  შეწყალების საკითხთა კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრი ეკა გიგაური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა  ე.წ. „კოკაინის" საქმეზე მსჯავრდებულებთან ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია, დათვალიერდა მედია საშუალებებში გავრცელებული სიუჟეტები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. ასევე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ე.წ. „კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. დასახელებულმა პირებმა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი.

 

გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი მტკიცებით ინახებოდა პოლიტიკოსებისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

 

ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას კუთვნილი ტელეფონის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს, რამაც წარმოშვა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.

 

ამ მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ნომრებთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა.

 

ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს არ გააჩნია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტომატურ რეჟიმში წაშლის ფუნქცია. გამოკვლევის მომენტისთვის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა 1596 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან დაკავებული ჰქონდა 7,5 მეგაბაიტი, ხოლო გამოკვლევის მომენტისთვის ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან თავისუფალი იყო 131 მეგაბაიტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესანახად. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში რომელიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების არარსებობა შესაძლებელია  გამოწვეული იყოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ  მისი მექანიკური წაშლით.  რაც შეეხება წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, გამოსაკვლევი ტელეფონის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ დახმარებისთვის მიმართა მობილური ტელეფონებიდან წაშლილი ინფორმაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ შვედურ კომპანია „MSAB"-ს (კომპანია დაფუძნებულია 1984 წელს; ოფიციალური ვებ-გვერდი www.msab.com), თუმცა თავად მწარმოებელ კომპანიასაც კი არ აღმოაჩნდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფრომაციის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა.

 

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კომპიუტერული ექსპერტიზა ასევე ჩატარებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ამ მოდელის ტელეფონისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან ვერ განხორციელდა წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მანანა კობახიძის თანხმობით ჩატარდა 2013-2014 წლებში მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან განხორციელებული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები. რაც შეეხება წაშლილ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ვერ იქნა აღდგენილი ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით.

 

ასევე, ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა, მის მიერვე წარმოდგენილი საკუთარი სააბონენტო ნომრის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხა. დათვალიერებით დადგინდა, რომ ა. ელისაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებული შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომების წინ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე საერთოდ არ ფიქსირდება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.     

 

ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერზე მანანა კობახიძის მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც 2014 წლის 28 აპრილიდან ალექსანდრე ელისაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ხოლო მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იყო 2014 წლის 17 აპრილს.

 

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა 2014-2015 წლებში 12-ჯერ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთხელ არ შეუტყობინებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლისა და შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შესახებ.

 

ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე'' მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner