„ქართული ოცნება" არ აპირებს თავის გემოზე მოირგოს კონსტიტუცია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს გახდება ძალიან ფართო განხილვის საგანი.
„ქართული ოცნება" არ აპირებს თავის გემოზე მოირგოს კონსტიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ექსპერტები იქნებაიან, ასევე, იქნება ვენეციის კომისია, სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
სწორედ ამის გამო მოგვცა ქართულმა საზოგადოებამ ამხელა ნდობა, რომ მათ იციან, რომ არასდროს არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. პარალელის გავლება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კატეგორიულად მიუღებელია. კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში, ამიტომაც შედარება მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვის შეცდომებს არ გავიმეორებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.