„2016 წლის 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნულზე უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა.
ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსრევაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში განცხადებაში.