ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, "ევროპასთან თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში გარკვეული ვალდებულებები წინასწარ გვაქვს შესრულებული".
ამის შესახებ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ "პირwელთან" საუბარში განაცხადა და კონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული შეფასება საქართველოს წინგადადგმულ ნაბიჯად დაასახელა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ საქართველოს საგადასახადო სექტორში ინფორმაციის თავისუფლების, ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ისეთი მაღალი სტანდარტი მიანიჭა, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს.
"2012 წლიდან, მიმდინარეობს პირველი ფაზის შემოწმება, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. დღეს დასრულდა მეორე ფაზა და საკმაოდ მაღალი რეიტინგი მიენიჭა საქართველოს. ეს არის პრაქტიკულად, ევროპის სტანდარტის აღიარება, ევროპული სტანდარტის რეიტინგი. დაახლოებით, ისეთი როგორიც აქვს გერმანიას. ეს სტანდარტი არეგულირებს ქვეყანათაშორის საგადასახადო ინფორმაციის გაცვლით ურთიერთობებს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების სტანდარტებს", -განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი პრაქტიკის მოთხოვნები საკმაოდ კარგად დააკმაყოფილეს.
"ევროპასთან თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან წინ ვართ წასული და გარკვეული ვალდებულებები ჩვენ წინასწარ გვექნება შესრულებული. აუცილებელია, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაის ფარგლებში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მაღალი სტანდარტი",- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
კალანდაძის აზრით, ინვესტორებისათვის მასტიმულირებელი და ნდობის მომპოვებელი ფაქტორია ის, რომ ინფორმაციის მოპოვება და ინფორმაციაზე წვდომა არის მაღალი ევროპული სტანდარტის და ამ მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტებს პრობლემები არ გააჩნიათ. ასევე ისიც, რომ საგადასახადო კანონმდებლობა მაქსიმალურად გამარტივებული და გამჭვირვალეა თავად ინვესტორებისთვის.
ცნობისათვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში.
საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში, საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.