2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სოდ-ისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ.
სოდ-ის ყოფილი თანამშრომლის დავით დათაშვილის თქმით, 7 ნოემბერს, დილით სოდ-ში განგაში გამოცხადდა. თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები წავიდნენ და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ განლაგდნენ. დათაშვილის თქმით, მათ ადგილზე ხელმძღვანელობდა ერეკლე კოდუა, რომელიც მაშინ სოდ-ის უფროსი იყო. სოდ-ის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილმა უფროსმა ასევე განაცხადა, რომ საღამოს მათ „იმედში" მისვლა დაავალეს.
„ჩვენი დავალება იყო „იმედის" განეიტრალება, ეთერის გათიშვა, ადგილზე იმყოფებოდა ერეკლე კოდუაც. დავალება იყო ასეთი - ყველა კარები უნდა გაღებულიყო, თუ არა და, უნდა შენგრეულიყო. ოთახებიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოგვყავდა ჟურნალისტები. გავაღეთ კარები და მაშინ გიორგი თარგამაძე იყო წამყვანი, რომელსაც ვუთხარი, გამობრძანდი-თქო, ხელი მოვკიდე და გამოვაცილე, კოდუასგან იყო ბრძანება - აპარატურა დააზიანეთო", -განაცხადა დათაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ოპერაციის შემდეგ მათ ხელფასის ოდენობის პრემია ჩაერიცხათ.
კუდ-ის სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა არჩილ არევაძემ, რომელიც ასევე სხდომაზე დაიკითხა, განაცხადა, რომ 7 ნოემბერს, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიასგან მიიღეს ბრძანება რუსთაველის გამზირის გასუფთავების.
მოწმის განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდნენ დავით ახალაია და ერეკლე კოდუაც. არევაძემ დაადასტურა, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ხელკეტები დაარტყეს ყოფილ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს და ასევე ჟურნალისტებსაც.
მისივე თქმით, ადგილზე იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.